მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოტივით ამცირებს მთავრობა "მცირე მარნის" სტატუსის მქონე მეღვინეების რაოდენობას? - პასუხი

ღვინო

„მათი გადაყვანა იმ კატეგორიაში გვინდა, სადაც [ღვინის] ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - ასე უპასუხა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის კითხვას.

დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ზურაბ ეზუგბაიამ „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ მორიგი ცვლილებები წარადგინა, რომელიც ღვინის წარმოების რეგულირების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტის მიხედვით 50-მდე ღვინის მეწარმე „მცირე მარნის“ სტატუსს დაკარგავს, რაც ცვლილებების ავტორების ინფორმაციით, გარკვეული შეღავათების მატარებელი იყო.

უმცირესობის დეპუტატმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა: - რა არის 40 000 ლიტრის 25 000 ლიტრამდე შემცირების ძირითადი მოტივაცია? სწორედ, ღვინის წარმოების მოცულობების ზღვრის შემცირებით დაკარგავენ მეწარმეები „მცირე მარნის“ სტატუსს. ამ კითხვის საპასუხოდ ზურაბ ეზუგბაიამ განმარტა, რომ დღეს ქვეყანაში მეღვინეობა - მევენახეობის დარგი განვითარებულია და მეღვინეები ცვლილებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე არსებულ მწარმოებლებს, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებით, ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

„ჩვენი საბოლოო მიზანი ის გახლავთ, რომ გვინდა კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, რაც იმას გულისხმობს რომ მსხვილი, საშუალო და მცირე მწარმოებლებს თავისი ნიშაში მოქმედებდნენ მსგავსი, ერთიანი პრინციპებით. საწყის ეტაპზე, როდესაც მევენახეობა და მეღვინეობა დღევანდელ დონეზე არ იყო და საექსპორტო ბაზრები შედარებით ლიმიტირებული მოცულობით იყო გახსნილი, მცირე მწარმოებლებისთვის შედარებით მეტი შეღავათი იყო დაწესებული. დღეს ვუყურებთ, რომ მცირე მარნების კატეგორიაში, ის მწარმოებლები, რომლებიც გამოსულები არიან ბაზარზე, მათი გადმოყვანა გვინდა იმ კატეგორიაში, სადაც ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა. ვინაიდან მეღვინეობის დარგისთვის ქართული ღვინის ხარისხის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამ კატეგორიის ღვინის მარკირებით და სხვა ღონისძიებებით სწორი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის და ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც საექსპორტო, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამ კუთხით დიდ როლს თამაშობს საშუალო და მცირე მარნები და იგივე სპეციფიკური ღვინოს წარმოება, სადაც გვინდა, რომ მათი პროდუქცია იმავენაირად სერტიფიცირდებოდეს და დასტურდებოდეს, ისევე როგორც მსხვილი მწარმოებლების შემთხვევაში - მოტივაცია ეს არის. ჯამში ყველა ეს ღონისძიება ხელს უწყობს იმას, რომ საბოლოო პროდუქტი, დარგი განვითარდეს და ღირსეულ კონკურენციას უწევდეს მსოფლიო ბაზარზე სხვა მწარმოებლებს და სწორ ინფორმაციას აწვდიდეს ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელს“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით მცირე მარნისსტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება;

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ასეთი კომპანიებისთვის მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები აღარ გავრცელდება და სერტიფიცირებისთვის აუცილებელი იქნება ორგანოლეპტიკური (სადეგუსტაციო) შემოწმების გავლა, რომლის საფასური ერთ ლოტზე 75 ლარია.

ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებს წელიწადში 25 000 ლიტრამდე ღვინოს ისარგებლებს მცირე ზომის მარნის სტატუსით და მათზე კანონპროექტს გავლენა არ ექნება. დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 600-მდე მცირე ზომის მარანი, საიდანაც 550-მდე მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობა არ აღემატება 25 000 ლიტრს, ხოლო 50-მდე ღვინის კომპანია აწარმოებს 40 000 ლიტრამდე ღვინოს. შესაბამისად, დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანიას გაეზრდება სერტიფიცირებისათვის დადგენილი მომსახურების ღირებულება, ვინაიდან მათ დასჭირდება ორგანოლეპტიკური შემოწმება და სერტიფიცირების საფასურიც მეტია. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სარეალიზაციო ღვინოს მოცულობაზე და ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაქვემდებარებული ლოტების რაოდენობაზე.

"ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე სრულად აქ წაიკითხავთ: ღვინის წარმოების რეგულირება მკაცრდება - სააგენტოს შემოსავალი ₾14-15 მლნ-ით გაიზრდება | კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები