ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებას ამკაცრებს. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, არსებული გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა აუცილებელია.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით:
- საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი;
- შემოღებული იქნება სავალდებულო ნიშანდების სისტემა. ცვლილებების მიხედვით, მარკირება ფასიანი იქნება და სავარაუდოდ 1 ბოთლ სასმელზე 10 თეთრით განისაზღვრება. ღვინის მარკირების სისტემა სრულად 2027 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.
„დღეისთვის დაახლოებით 900-მდე კომპანია აქტიურად ახორციელებს რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე პროდუქციის ექსპორტს. ადგილობრივ ბაზარზე 520-მდე ღვინის კომპანია ახორციელებს რეალიზაციას, შესაბამისად 520-მდე ღვინის კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების, ხოლო 900-მდე ღვინის კომპანიას - ნიშანდების ვალდებულება ექნება. ცვლილების შედეგად ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი დაახლოებით 5 000 ლოტირებული პროდუქცია. შესაბამისად, ერთი ლოტის ორგანოლეპტიკური შემოწმების ღირებულებაა 75 ლარი, ჯამში იქნება 375 000 ლარი.
რაც შეეხება ნიშანდებას, მას დაექვემდებარება 900-მდე კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინო, ფინანსური ზეგავლენა დამოკიდებული იქნება თითოეული კომპანიის მიერ წარმოებული ნიშანდებას დაქვემდებარებული ბოთლების რაოდენობაზე და ჩატარებულ ორგანოლეპტიკური შემოწმებების რაოდენობაზე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
- „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება;
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ასეთი კომპანიებისთვის მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები აღარ გავრცელდება და სერტიფიცირებისთვის აუცილებელი იქნება ორგანოლეპტიკური (სადეგუსტაციო) შემოწმების გავლა, რომლის საფასური ერთ ლოტზე 75 ლარია.
ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებს წელიწადში 25 000 ლიტრამდე ღვინოს ისარგებლებს მცირე ზომის მარნის სტატუსით და მათზე კანონპროექტს გავლენა არ ექნება. დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 600-მდე მცირე ზომის მარანი, საიდანაც 550-მდე მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობა არ აღემატება 25 000 ლიტრს, ხოლო 50-მდე ღვინის კომპანია აწარმოებს 40 000 ლიტრამდე ღვინოს. შესაბამისად, დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანიას გაეზრდება სერტიფიცირებისათვის დადგენილი მომსახურების ღირებულება, ვინაიდან მათ დასჭირდება ორგანოლეპტიკური შემოწმება და სერტიფიცირების საფასურიც მეტია. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სარეალიზაციო ღვინოს მოცულობაზე და ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაქვემდებარებული ლოტების რაოდენობაზე.
- „მცირე მარნის სტატუსს“ მიიღებენ მწარმოებლები, რომლებიც წლიურად 25 000 ლიტრამდე ყურძნის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებენ. ამ ტიპის მეღვინეობები სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას არ გაივლიან თუ ისინი სასმელს „მცირე ზომის მარანში“ აწარმოებენ და ეტიკეტზე „ბუნებრივი ღვინის“ აღმნიშვნელ ნიშანს დაიტანენ, თუმცა ამ მეღვინეობების წარმოებული ღვინო, ორგანული ყუძნისგან წარმოების დასადგენად, სავალდებულო ლაბორატორიულ კვლევას გაივლის, რის შედეგადაც წარმოების სერტიფიკატს მიიღებენ;
„დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 600 მცირე ზომის მარანი, საიდანაც 550-მდე მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობა 25 000 ლიტრამდეა და მათ შეუნარჩუნდებათ არსებული შეღავათები, ხოლო 50-მდე ღვინის კომპანიას გაეზრდება სერტიფიცირების მომსახურების ხარჯები“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
- განისაზღვრება ახალი ტერმინები „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება“ და „ორგანული ყურძენი“
- შემოღებული იქნება ახალი „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია; გაუქმდება ტერმინი „სახლის ღვინო“.
ცვლილებების შედეგად მეწარმეებს, სავალდებულო დეგუსტაციის, სერტიფიცირების და ახალი ნიშანდების საფასურის დადგენით ხარჯები გაეზრდებათ. ხარჯის მოცულობა სადეგუსტაციო, სერტიფიცირების და მარკირების მოცულობებზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, მწარმოებლისთვის გაზრდილი ხარჯი, სახელმწიფოს შემოსავლებს გაზრდის. უფრო კონკრეტულად კი ნიშანდების საფასურის შემოღებითა და ორგანოლეპტიკური შემოწმების გადასახადის დადგენით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავლები წლიურად 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება.
„ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებელს ეს წლიურად არის საშუალოდ 140 000 000 – 150 000 000 ბოთლი. შესაბამისად, სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით. ასევე გაიზრდება სააგენტოს შემოსავალი
ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, ვინაიდან, დღეისათვის სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 900-მდე კომპანია აქტიურად ახორციელებს რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ორგანოლეპტიკური პროდუქციის ექსპორტს. ცვლილების შედეგად შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი დაახლოებით 5 000 ლოტირებული პროდუქცია. შესაბამისად, ერთი ლოტის ორგანოლეპტიკური შემოწმების ღირებულებაა 75 ლარი, ჯამში იქნება 375 000 ლარი.
სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავლების ზრდის პროპორციულად გაიზრდება სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხებიც. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით თუ სსიპ-ს შემოსავალი აღემატება ერთ მილიონ ლარს თანხის 10% უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, უნდა გამოსცეს ბრძანება - ,,ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ, 2027 წლის 1 თებერვლამდე, უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა. შესაბამისად, ამოქმედებამდე პერიოდი გათვალისწინებულია მოსამზადებელ პერიოდად.




























