მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოთხოვნები აქვთ ბრენდულ სასტუმროებსა და დეველოპერებს? - "სმარტერის" შეფასება

სმარტერი აბულაძე

საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია "სმარტერი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და საცხოვრებელ სახლებში ჭკვიანი სისტემების მონტაჟის გარდა, გასული წლიდან, მომხმარებელს საინჟინრო მომსახურებასაც სთავაზობს, კომპანიის ორ მიმართულებაზე მოთხოვნას BM.GE-სთან აფასებს.

როგორც "სმარტერის" მმართველი პარტნიორი დიმიტრი აბულაძე აღნიშნავს, ამჟამად კომპანია უფრო მეტად საინჟინრო მომსახურების განვითარებაზეა ორიენტირებული და ამ სერვისს ბრენდულ სასტუმროებსა და სხვა მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს სთავაზობს, სადაც ჭკვიან სისტემებზე მოთხოვნა შედარებით დაბალია.

"ჩვენი სერვისების თანაკვეთა ძირითადად საცხოვრებელ მიმართულებაზე მოდის, რადგან "ჭკვიანი სახლის" სისტემები ყველაზე მეტად სწორედ საცხოვრებელ კომპლექსებს სჭირდებათ. რაც შეეხება სასტუმროებს, იქ ოთახის მართვის სისტემებს ვამონტაჟებთ, რაც სპეციფიკურად სასტუმროსთვის განკუთვნილი განსხვავებული სისტემაა. საცხოვრებელ შენობებში, შესაძლოა, "სმარტერმა" თავდაპირველად შეასრულოს საინჟინრო სამუშაოები, რემონტის დასრულების შემდეგ კი დავაინსტალიროთ "ჭკვიანი სახლის" სისტემები. გვაქვს პროექტები, სადაც ეს ორი მიმართულება იკვეთება: დამკვეთს სურს, რომ აუცილებელი საინჟინრო ნაწილის გარდა, შენობას დამატებითი ღირებულება შესძინოს და "ჭკვიანი სახლიც" გააკეთოს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მხოლოდ "ჭკვიან სახლს" ვაკეთებთ.

ბრენდულ სასტუმროებსა და მაღალი კლასის შენობებში ჩვენი აქცენტი მაინც უფრო საინჟინრო მიმართულებაზე კეთდება. იქ ითხოვენ ევროპული სტანდარტის პროდუქციას და შესრულების მაღალ ხარისხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ამიტომ პროდუქციის დისტრიბუციაც და სამონტაჟო ჯგუფიც გათვლილი გვაქვს სწორედ მაღალი კლასის შენობების მომსახურებაზე. 2026 წელსაც მსგავს ტენდენციებს ველოდებით. უკვე დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი როგორც საინჟინრო, ისე საცხოვრებელი მიმართულებით, სადაც საინჟინრო და "ჭკვიანი სახლის" სისტემების ინტეგრაცია მოხდება", - განაცხადა დიმიტრი აბულაძემ.

კომპანიის სერვისებზე მოთხოვნის შეფასებისას დიმიტრი აბულაძემ "სმარტერის" სადისტრიბუციო მიმართულებაზეც ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ბრენდულ სასტუმროებს მათ შენობებში გამოყენებულ მასალებზე სტანდარტები წინასწარ აქვთ გაწერილი, რის გამოც სფერო პროდუქციის იმპორტზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გამოვყავით ცალკე სადისტრიბუციო მიმართულება, რომელიც მსოფლიოში წამყვან ბრენდებს წარმოადგენს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სასტუმროებს, მათ აბსოლუტურად ყველა დეტალზე თავისი სტანდარტი და დამტკიცებული ბრენდების სია (Vendor List) აქვთ. ხშირად არის შემთხვევები, როცა უშუალოდ ინტეგრაციას ჩვენ არ ვაკეთებთ, თუმცა კონკურენტი კომპანიები სწორედ ჩვენ მოგვმართავენ, რათა მიიღონ ის მაღალი დონის ევროპული პროდუქცია, რომლის ექსკლუზიური უფლებაც ჩვენ გვაქვს. მაგალითად, ესპანური ბრენდი Salto, რომლის დისტრიბუტორებიც ვართ საქართველოში. ნებისმიერ ბრენდულ სასტუმროს, რომელიც ჩვენს ბაზარზე შემოდის, სჭირდება ამ ტიპის საკეტების ინტეგრაცია. ასეთ დროს, ჩვენ ვაწვდით პროდუქციას სხვა კომპანიებს, ან თავად ვთავაზობთ ინტეგრაციის სერვისს.

Salto-ს მსგავსად, წარმოვადგენთ სხვა ლიდერ ბრენდებსაც: მაგალითად, იტალიურ Comelit-ს, რომელიც ბაზრის ლიდერია ვიდეომეთვალყურეობისა და სახანძრო დეტექციის კუთხით, და იტალიურ VDA-ს - ოთახის მართვის სისტემებში. ყველა ეს ბრენდი ვერიფიცირებულია საერთაშორისო სასტუმროების მიერ. შესაბამისად, ინვესტორი დაცულია. ჩვენ ზედმიწევნით ვიცნობთ ყველა ბრენდის, განსაკუთრებით კი Hilton-ის სტანდარტებს. როდესაც ვაკეთებთ პროექტირებას და პროდუქციის შერჩევას, წინასწარ ვიცით, რომ ეს სისტემები სრულად თავსებადი იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან და დამკვეთს მომავალში შეფერხებები არ შეექმნება", - ამბობს "სმარტერის" მმართველი პარტნიორი.

დიმიტრი აბულაძემ BM.GE-სთან 2025 წლის გამორჩეულ პროექტებსა და 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც "სმარტერის" მმართველმა პარტნიორმა აღნიშნა, გასულ წელს კომპანიამ რეკორდულ დროში შეასრულა Hampton by Hilton-ის საინჟინრო სამუშაოები ბათუმში, წელს კი "სმარტერი" Hilton-ის კიდევ ორ სასტუმროზე იმუშავებს საქართველოში.

"2026 წელს საინტერესო გეგმები გვაქვს" - "სმარტერის" წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები