მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოცულობის კრედიტები აქვთ გაცემული "ბაზისბანკს" და "ლიბერთის" და რამდენი მილიონის დეპოზიტს ინახავენ?

ლიბერთი

საქართველოს საბანკო სისტემაში ცვლილებებია - აქტივების სიდიდით მეოთხე "ბაზისბანკმა" მესამე უმსხვილესი - "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. გარიგება მოიცავს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან აქციათა საკონტროლო - 95.99%-ის წილის გამოსყიდვას. ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში დაასრულა აღნიშნული გარიგების კვლევა და დაასკვნა, რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა.

რა იქნება გაერთიანებული ბანკის აქტივების და კრედიტების მოცულობა:

შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.

საქართველოს საბანკო სისტემა გარიგების შემდეგ - აქტივების მიხედვით:

  1. საქართველოს ბანკი: 41,764,462,000 ₾ (39.34%)
  2. თი–ბი–სი ბანკი: 38,237,706,000 ₾ (36.02%)
  3. ბაზისბანკი (ლიბერთის შეძენის შემდეგ): 11,183,743,000 ₾ (10.53%)
  4. კრედო ბანკი: 3,859,149,000 ₾ (3.63%)
  5. პროკრედიტ ბანკი: 2,254,152,000 ₾ (2.12%)
  6. ტერა ბანკი: 2,195,220,000 ₾ (2.07%)
  7. ქართუ ბანკი: 1,971,617,000 ₾ (1.86%)
  8. ხალიკ ბანკი: 1,119,514,000 ₾ (1.05%)
  9. მიკრობანკი კრისტალი: 699,071,000 ₾ (0.66%)
  10. პაშა ბანკი: 692,385,000 ₾ (0.65%)
  11. იშ ბანკი: 628,781,000 ₾ (0.59%)
  12. ვი–თი–ბი ბანკი: 437,429,000 ₾ (0.41%)
  13. ზირაათ ბანკი: 423,753,000 ₾ (0.40%)
  14. სილქ ბანკი: 237,821,000 ₾ (0.22%)
  15. მიკრობანკი ემბისი: 200,804,000 ₾ (0.19%)
  16. პეივბანკი: 171,365,000 ₾ (0.16%)
  17. ჰეშბანკი: 72,540,000 ₾ (0.07%)
  18. პეისერა: 18,491,000 ₾ (0.02%)

ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.

ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.

ბანკის აქციონერები ამ დრომდე იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები