მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის თანხა აუნაზღაურეს კომპანიებმა მომხმარებლებს უფლებების დარღვევის გამო?

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 84 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი დადასტურდა, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. ამასთან, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 22 საქმეზე 21 283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

„ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 27 საქმეზე - 14 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია“, - აღნიშნავენ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 161 საქმეზე - 98 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 500 000 ლარამდე ანაზღაურდა.

„კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 94 საქმეზე გაფორმებულ 58 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტატისტიკის მიხედვით, სააგენტოში მომხმარებლის მხრიდან შესული განაცხადების 64% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 36% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ - აჭარა 6% და იმერეთი 5%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 202, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 197, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 49, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 32, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება 21, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 21, ხოლო სხვა დანარჩენი 56.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 16%-ს, ხელოვნება, ხელოვნება, გართობა და დასვენება 5%, მშენებლობა 3%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 9%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები