მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტოსადგურებს და მძღოლებს? - კანონპროექტი

64818352397fa
ანუკა ჯოხაძე
08.06.23 13:10
14778
საქართველოს პარლამენტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაინიცირდა.

წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

ასევე ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას გადამზიდველებს შორის ზღუდავს.

ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები 5 კანონში იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა.

ასევე, კანონს ემატება ავტოსადგურთან დაკავშირებული მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტოსადგურის კლასებს და მათ სერტიფიცირებას.

სამივე კლასის სამგზავრო ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი, პირობები, მათ მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, ავტოსადგურის სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს ავტოსადგურისთვის სერტიფიკატის ვადის, გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების და გაუქმების პირობებს, მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

კანონპროექტით სანებართვო მოსაკრებლის ღირებულებაც გაწერილია. ბიზნეს ოპერატორს 2025 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში (მხოლოდ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის შემთხვევაში) - 100 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო შემდგომ 500 ლარის გადახდა. ნებართვას 5-წლიანი ვადა აქვს.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ უნდა იქნეს 500 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ სავალდებულო იქნება 1500 ლარის გადახდა - საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის აღების შემთხვევაში.

ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტებს შორისაა: მართვის მოწმობის ასლი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ა.შ დოკუმენტები, რომელიც ისედაც გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს.

თუმცა ნებართვის მაძიებლის მიერ დამატებით გასაწევ ხარჯებთან დაკავშირებული იქნება ნასამართლეობის შესახებ ცნობის აღების ხარჯი (20 ლარი), მენეჯერის დასაქირავებელი ხარჯი (საშუალოდ თვეში 1500 ლარი), აგრეთვე ფინანსური რესურსის არსებობის ვალდებულება (რომლის მინიმალური თანხა განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის - 5000 ლარით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის - 2500 ლარით), ავტობუსის ზიანისგან დაზღვევისთვის გასაწევი ხარჯი (წლიური თანხა საშუალოდ 9000 ლარი), რაც აუცილებელი პირობებია გადამზიდველისთვის ნებართვის მისაღებად.

ავტოსადგურების ლიცენზირებისას კი ავტოსადგურებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის აღნიშნული ხარჯები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ინფრასტრუქტურის განახლების ხარჯები და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ავტოსადგურის კლასის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ბიზნეს ოპერატორების მონიტორინგსა და კონტროლს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. 

კანონპროექტის მიხედვით, ავტოსადგური უნდა მოემსახუროს, მხოლოდ ნებართვის მფლობელ გადამზიდველს. აგრეთვე, სადგურს შეეზღუდება გადამზიდველად საქმიანობა (სათანადო ნორმები გაიწერება სერტიფიცირების წესში და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში). ასევე, კანონპროექტი განისაზღვრავს ავტოსადგურის მომსახურების საფასურის ზედა ზღვარს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგურის მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ს იმ თანხისა, რომელიც გამოიანგარიშება ავტობუსის ადგილების მთლიანი რაოდენობის 60%-ის გამრავლებით ბილეთის ფასზე.

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ ავტოსადგურების და გადამზიდველების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, მოსალოდნელია ბილეთის ფასის მცირედი ზრდა.

ამასთან, კანონის მიღების შემთხვევაში ლეგალური საქმიანობის გააქტიურების შედეგად მოსალოდნელია საბიუჯეტო სახსრების გაზრდა. 

კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანგარიში აქვს თანდართული, რომლის მიხედვით კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს ბიუჯეტში 4 312 000 ლარის აკუმულირება მოხდება, ხოლო ყოველ წელს 500 000 ლარის.

ამასთან, კანონპროექტში საუბარია ე.წ “ხიშნიკების” თემაზეც, რომლებიც არაფორმალურად ახორციელებენ საქმიანობას დღეს საქმიანობას და მგზავრები გადაჰყავთ. შეფასების პროცესში განხორციელებული გამოთვლების მიხედვით, არაფორმალური საქმიანობის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, არარეგისტრირებული ოპერატორებისგან მიღებული დამატებითი საგადასახადო შემოსავლები წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს შეადგენს, მხოლოდ 2022-2031 წლებში არაფორმალური სექტორის შემცირების შედეგად ბიუჯეტში გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მიმდინარე ღირებულება შეადგენს 5.3 მილიონ ლარს.

რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, კანონპროექტით განსაზღვრულია ორი თარიღი. კერძოდ, კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო კანონპროექტით დადგენილი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად განსაზღვრული თარიღი 2023 წლის 1 დეკემბერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები