"ამ დროისთვის, ოდნავ მშვიდდება სიტუაცია ქვეყანაში, მაგრამ შეიძლება ის ყოველ წუთს გამწვავდეს, თუ დაწესებულ რეგულაციებს არ დავიცავთ ", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი პროგნოზით, თუ შეზღუდვები არ გაგრძელდება, შეიძლება, იანვრის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებელი 4-5 ათასამდე ავიდეს.
„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან ერთად გაკეთებული გაზომვებით, შეიძლება ითქვას, რომ თუკი დღეს მოქმედ შეზღუდვებს გავაგრძელებთ ქვეყანაში, იანვრის ბოლოს გვექნება 1 571 ყოველდღიური რაოდენობა. ეს შემთხვევები იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს ანუ რასაც აღმოვაჩენთ იქნება, დაახლოებით, 800-900 შემთხვევა, ხოლო რასაც ვერ დაიჭერს, დაახლოებით - 600-700.
თუ შეზღუდვები არ გაგრძელდება და "მოვუშვით", მაშინ შეიძლება, იანვრის ბოლოს მაჩვენებელი 4-5 ათასამდე ავიდეს. ამავე დროს, დღეს ასული ვართ პირბადის ტარების 70%-ზე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროა, 95%-მდე ასვლა. თუ ავედით ამ მაჩვენებელზე, იანვრის ბოლოს ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი 1128 – 1228-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
covid-სტატისტიკა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 222143 , ბოლო 24 საათში - 538
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 206313 , ბოლო 24 საათში - 2766
მათ შორის გარდაცვლილი - 2418 , ბოლო 24 საათში - 41
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1955, PCR ტესტით - 2814
კარანტინის რეჟიმში - 427
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5624
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1311.




























