მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ოდენობის ჯარიმა დაუწესდება კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის კონსერვაციის წესის დამრღვევებს?

კახა მერი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მერია პარლამენტს ახალ კანონპროექტს გაუგზავნის, რომლის თანახმადაც, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმა გაიზრდება.

“არის შემთხვევები, როდესაც, კონკრეტული პირები, სამშენებლო კომპანიები, იღებენ ნებართვებს პროექტის განსახორციელებლად, დაიწყებენ სამუშაოებს, მოხდება საძირკვლის მომზადება, რამდენიმე სართული შენდება და შემდეგ მშენებლობა ჩერდება. გვაქვს ასეთი ობიექტები დედაქალაქში, რაც იერსახისთვისაც ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას თავისი წესები და რეგულაციები აქვს”, - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერმა სხდომაზე რამდენიმე ასეთი მიტოვებული მშენებლობის მაგალითიც წარადგინა. 

“აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამ მიმართულებითაც საჭიროა სანქციების გამკაცრება და მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას, I და II კლასის დარღვევის შემთხვევაში 3-ჯერ ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში - 5-ჯერ. 

ეს კანონი ეხება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, თუმცა სხვა ზონებშიც, რა თქმა უნდა, საჭიროა  აღნიშნული მიდგომები, იქაც ადამიანები ცხოვრობენ, იქაც ჰყავთ ბავშვები და ასეთი მშენებლობები პრობლემას წარმოადგენს”, - აცხადებს კახა კალაძე.

მერის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერებისთვის, I და II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ჯარიმა 5 000₾-ის ნაცვლად, 15 000₾ გახდება. III და VI კლასის შენობა-ნაგებობებისთვის კი 20 000₾-დან 100 000₾-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები