მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პირობებით იბეგრება უძრავი ქონების ბარტერით გაცვლა - სამინისტროს გადაწყვეტილება

ფინანსთა სამინისტრო

ბარტერული (გაცვლის) ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის წესებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა. 2026 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №147 საჯარო გადაწყვეტილება, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს 2024 წლის 7 ივნისის №195 გადაწყვეტილებაში და ეხება განსაკუთრებით უძრავი ნივთის მონაწილეობით განხორციელებულ ბარტერულ გარიგებებს.

ცვლილება აკონკრეტებს, როგორ უნდა განისაზღვროს დასაბეგრი თანხა იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაცია ფულადი და არაფულადი ანაზღაურების ერთობლიობას მოიცავს. პრაქტიკაში სწორედ ასეთი შერეული ბარტერული გარიგებები ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხს წარმოადგენდა.

აუდიტორულმა, საბუღალტრო და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა მიმოხილვა აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. განმარტების თანახმად, ბარტერული ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრ თანხად ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული ან მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ოპერაციის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან ბარტერის საგნის ღირებულება ფულად გამოსახონ.

ახალი გადაწყვეტილებით განისაზღვრა დამატებითი შემთხვევა, როდესაც ბარტერული ოპერაცია ხორციელდება შერეული ანაზღაურების პირობებში. კერძოდ, თუ კომპეტენტური შემფასებლის ან ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ მიღებული ქონების საბაზრო ფასი ნაკლებია შეთანხმებულ გარიგების ფასზე, დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება მხარეთა შორის შეთანხმებულ გარიგების ფასს.

თუმცა ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგება დადებულია თავისუფალი კონკურენციისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში და არ იკვეთება ფასის ხელოვნურად შეცვლის - გაზრდის ან შემცირების ნიშნები.

საჯარო გადაწყვეტილებაში ასევე წარმოდგენილია საილუსტრაციო მაგალითი, რომელიც პრაქტიკაში ახალი წესის გამოყენების მექანიზმს განმარტავს.

ცვლილება ძალაში 2026 წლის 20 მაისიდან შევიდა და იგი მიზნად ისახავს ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკის უფრო მკაფიო და ერთგვაროვან რეგულირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები