მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით შეძლებენ გულშემატკივრები EURO 2024-ზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას?

კობახიძე

„EURO 2024-ზე დასასწრები ავიაბილეთი [ერთი გზა] €195 ეღირება. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს 3000 მოქალაქეს შეეძლება“,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, EURO 2024, რომელიც გერმანიაში გაიმართება და მასში საქართველოს სამი მატჩი უნდა ჩატარდეს, ქართველი გულშემატკივრების დასწრება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობამ ავიაბილეთების ფასის სუბსიდირება გადაწყვიტა.

"ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომელიც უკავშირდება გერმანიაში ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18-22-26 ივლისს საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვე-ჯგუფში გაიმართება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშს რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს.

ამისათვის მგზავრობის გამარტივება და გაიაფებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. ვაპირებთ სუბსიდირებით ჩარტერული რეისების დანიშვნას და ასევე, მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას მოვახდენთ. ეს ფრენები, მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში.

მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენა შეეძლება 3000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება, 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს შეეძლება თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს",-აცხადებს პრემიერი.

მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სუბსიდირებული ბილეთების შეძენას შესაბამის პლატფორმაზე შეძლებენ, რომელიც კვირის ბოლოს უკვე გასაყიდად იქნება გამოტანილი. მომხმარებელს სუბსიდირებული ბილეთის შესაძენად, ექნება ვალდებულება, რომ მატჩის შესაბამისი ბილეთი წარადგინოს.

ცნობისთვის, 10 აპრილს აეროპორტების გაერთიანებაში BM.GE-ის უთხრეს, რომ რეისები სუბსიდირებული არ არის და მაღალი მოთხოვნის გამო, შეიძლება სიხშირეები კიდევ დაემატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები