მთავრობამ კომპანია „არძანს“ თერმული წყლის მოპოვების ლიცენზიის ვადა 2050 წლამდე გაუხანგრძლივა და დამატებითი სალიცენზიო პირობები განუსაზღვრა.
მთავრობის 1447-ე განკარგულების მიხედვით, შპს არძანზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში თერმული წყლის შესწავლა-მოპოვებისთვის გაცემული მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 6 ივნისის ბრძანების ვადა 2050 წლის 8 ივლისამდე გახანგრძლივდა.
დოკუმენტით, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ ლიცენზიაში ცვლილებების შეტანიდან 3 წელიწადში უნდა გამოთვალოს თერმული წყლის რესურსი, გამოთვალოს მარაგები და ანგარიში შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს. ამ პერიოდში კი თერმული წყლის შესწავლაზე 300 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ერთ-ერთი სალიცენზიო პირობა ასევე ლიცენზიის მოქმედების პერიოდში 5 მოქალაქის დასაქმების ვალდებულებაა.
ამასთან, ლიცენზიის მფლობელი - კომპანია „არძანი“ ვალდებულია ლიცენზიის ვადის მოქმედების გაგრძელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 7 279 ლარი შეიტანოს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია "არძანი" 1996 წელსაა რეგისტრირებული და მისი 50-50%-იანი წილების მფლობელები გრიგოლ ბულია და იოსებ ხუციშვილი არიან, რომლებიც ასევე კომპანიას ხელმძღვანელობენ.




























