მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პოტენციალს ხედავს "სილქ როუდ ჯგუფი" ენერგეტიკის სექტორში? - გიორგი რამიშვილის მოსაზრება

გიორგი რამიშვილი

“სილქ როუდ ჯგუფი” ენერგეტიკის სექტორში კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. როგორც ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში განაცხადა, კომპანიის სატელეკომუნიკაციო მიმართულების განვითარებამ თავისთავად მოიტანა მონაცემთა ცენტრების და, შესაბამისად, მეტი ელექტროენერგიის საჭიროება.

“Silknet-ის განვითარებამ ბუნებრივად მიგვიყვანა იქამდე, რომ, რადგან შევდივართ სატელეკომუნიკაციო კომპანიის განვითარების ამ ფაზაში, გვინდა თუ არა, ციფრულ მიმართულებაშიც უნდა შევიდეთ, რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით, კავშირგაბმულობაში ბაზრის დიდი წილი გვაქვს, მაგრამ თუ გინდა აბონენტს, B2B-ში განსაკუთრებით, end to end solution-ი, ანუ თავიდან ბოლომდე ყველანაირი სერვისი შესთავაზო, რაც არის cloud სერვისები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდგომ, უამრავი რამ, უნდა გქონდეს სრულყოფილი, ძალიან მაღალი ხარისხის მონაცემთა ცენტრი, სადაც მოიწვევ ყველაზე დიდ მოთამაშეებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან სერიოზული დატა ცენტრი, უნდა გვყავდეს ძალიან სერიოზული ჯგუფი და ძალიან სერიოზული პროფესიონალებიც”, - ამბობს გიორგი რამიშვილი.

“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებლის თქმით, კომპანიას ეს გამოცდილება უკვე აქვს, რის გამოც საზოგადოება მალე გაეცნობა ჰოლდინგის ენერგეტიკული სექტორის სიახლეებს.

“ჩვენ დიდი ხნით ადრე, უკვე 10 წელზე მეტია, ავაშენეთ ერთ-ერთი პირველი ჰესი საბჭოთა კავშირის მერე, ბახვი 2, რომელიც გურიაშია, 2000 მეტრზე ზღვის დონიდან. ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. მაშინ ბევრი შეცდომები დავუშვით, გამოვასწორეთ… გამოვიდა ეს საქმე და იმის შემდეგ უკვე ვიცით, ეს რა არის, ვიცით როგორ არის…

ჩვენ ახლაც ამ პროცესში ვართ. როცა გაქვს დატა ცენტრი და გინდა, ეს მიმართულება განავითარო, რომ უფრო დიდი იყოს, ვიდრე თვითონ სატელეკომუნიკაციო ბიზნესი შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ამას სჭირდება ელექტროენერგია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან წყლის ელექტროენერგია მაინც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული შანსი, რომ ეს მიმართულება გახდეს ძალიან საინტერესო ყველა დიდი მოთამაშისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ინვესტიციები განვახორციელოთ ენერგეტიკაში. უახლოეს მომავალში თქვენ გაიგებთ ძალიან კარგ, ახალ, საინტერესო ამბებს ჩვენგან. ეს ჩვენს სტრატეგიაშიც ჯდება და, ჩემი აზრით, მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ციფრული და ენერგეტიკული სფეროების კომბინაცია”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი - "სილქნეტის" ჰოლდინგი "სილქ როუდ ჯგუფი" $30 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ქლაუდ სერვისების დატა ცენტრის მშენებლობას გეგმავს. ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ უმსხვილეს კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები