იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი ივნე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა იქნას განხილული ბუსტერ-დოზების გაკეთება კონკრეტული ჯგუფებისთვის, კერძოდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
როგორც ჩხაიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები თითქმის არ არსებობს.
„არსებობს ქვეყნები, რომლებშიც ბუსტერ-დოზების გაკეთება დაწყებულია და ეს არის მაგალითად ბაჰრეინი, თუმცა არსებობს მწარმოებლის მოსაზრებაც, რომ ბუსტერ-დოზის გაკეთება გააძლიერებს მის აქტიურობას და ეფექტიანობას, ხოლო მესამე მოსაზრება არის ამერიკის მკაცრი მარეგულირებლების განცხადება, რომ დღეისათვის არ არის საჭიროება ვთქვათ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ხანმოკლე დროის განმავლობაში კარგავს ძალას და ბუსტერის დოზა აუცილებელია. უმრავლესი ქვეყანა თავს იკავებს ბუსტერისგან, ხოლო ჯანმო ამის კატეგორიულად წინააღმდეგია.
ერთადერთი, რისი განხილვაც, ვფიქრობ, საქართველოში უნდა მოხდეს, ეს არის ბუსტერის გაკეთება შერჩეული ჯგუფებისთვის, ხოლო ესენი უნდა იყვნენ სამედიცინო პერსონალი და 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადების მქონე მოსახლეობა, ამაში ფაქტობრივად, განსხვავებული პოზიცია არ არსებობს და ასე აკეთებს ბევრი ქვეყანა. ბევრმა ქვეყანამ ეს დაგეგმა, ბევრი იწყებს ოქტომბერში და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით წასვლა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია “, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.




























