ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. გასულ თვეს წითელას სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობა საქართველოშიც გაიზარდა. როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე BMG Drive-ში სტუმრობისას წითელას აფეთქების მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას და კოვიდპანდემიის დროს ვაქცინირების გადავადებას ასახელებს.
“წითელას ნებისმიერი აფეთქების უკან არასრული და არასაკმარისი ვაქცინაცია დგას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და სამწუხაროდ, საქართველო ამ მხრივ სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა. ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა პერიოდი, როდესაც ვაქცინაციის პროცესი საერთოდ ჩავარდნილი იყო, შემდეგ, 21-ე საუკუნის განმავლობაშიც გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, სუბიექტური მიზეზების გამო, ვაქცინაციაზე უარს ამბობდა. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მდგომარეობა, რომ წითელას გავრცელების პირობები არსებობს, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, არა ბავშვები, არამედ - მოზრდილები არიან აუცრელები.
მეორე, რამაც გავლენა იქონია წითელას აფეთქებაზე, ეს არის პანდემია და პანდემიის დროს ვაქცინაციის მიმართ არსებული დამოკიდებულება. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ექიმების როლიც დიდი იყო. ხშირად იყო მათი რეკომენდაცია, რომ ნუ აჩქარდებით ვაქცინის გასაკეთებლად, ჯერ შევხედოთ და ა.შ. მშობლებთან ასეთი კომუნიკაცია დასრულდა იმით, რომ ლოდინის დრო წლობით გაიწელა და ჩვენ გვყავს ათასობით ბავშვი, რომლებმაც 5 წლის ასაკში წითელას მეორე ვაქცინა არ ჩაიტარეს”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოს წითელას ვაქცინირების რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა, რომელიც კვლავ მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
“პანდემიამდე, 2019 წელს, ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში, 1 წლის ასაკის მოსახლეობაში მოცვა 100% იყო, 5 წლის ასაკის ბავშვებში - 95%. ეს არის იდეალური პირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში წითელა ჩაითვალოს საზოგადოებისთვის არასაშიშ ინფექციად.
თუმცა მარტო ის ფაქტი, რომ პანდემიის შემდეგ 100%-იანი მოცვა აღარ გვაქვს, სამწუხაროდ, და 95%-მდე ჩამოვიყვანეთ, ხოლო 5 წლის ასაკში - 88%-მდე - კარგ ნიადაგად ითვლება, რომ მივიღოთ აფეთქება. ვაქცინაციის 88%-იანი მაჩვენებელი წითელას შემთხვევაში კატასტროფაა.
ამიტომ ყველა ძალას ვხმარობთ, შევახსენოთ მშობელს, რომ არ არსებობს წითელას საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი. წითელა არის დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი გართულება ახასიათებს და სამწუხაროდ, ის დღემდე გვაძლევს გარდაცვალების ძალიან დიდ მაჩვენებლებს - განვითარებად ქვეყნებში 100-დან 2-ს, მდიდარ ქვეყნებში კი 1000-დან 1-ს”, - განმარტავს ივანე ჩხაიძე.