"ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი განმარტავს, თუ რა პრინციპით იმუშავებს სკოლებში ნებაყოფლობითი 12-ე კლასი.
გივი მიქანაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ შესაბამისი რეგისტრაციის გავლას მსურველები ყოველი წლის მარტში შეძლებენ.
"ყოველი წლის მარტის თვეში გამოვაცხადებთ რეგისტრაციის შესაძლებლობას ყველა იმ მეთერთმეტე კლასელისთვის, ვისაც აქვს სურვილი განაგრძოს მეთორმეტე კლასში სწავლა. სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება, ანუ მარტში მიღებული ინფორმაციის დამუშავება მოხდება, როგორც ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, ასევე რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე. იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, თბილისის შემთხვევაში რაიონებში, სადაც დაფიქსირდება კონკრეტული რაოდენობის მსურველები, კონკრეტულ საჯარო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს და საშუალებას მივცემთ, რომ კიდევ ერთი წელი, გაღრმავებული რეპეტიტორიუმის ფარგლებში მოემზადონ და აიღონ მეთორმეტე კლასის დამადასტურებელი ატესტატი",- თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, 11-წლიანი სასწავლო პროცესის დანერგვა 2027-28 სასწავლო წლიდან იგეგმება.




























