მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრიორიტეტებს ისახავს ჩინეთი 2023 წელს? - ჩინეთის ვიცე-პრემიერის სიტყვა დავოსიდან

63c6a4e04b06c
გიორგი არონია
18.01.23 00:20
1166

მიმდინარე წელს, ჩინეთის სახელმწიფოს პრიორიტეტებს შორის სტაბილურობის შენარჩუნებას, ფინანსური და ეკონომიკური რისკების შემცირებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვხვდებით, - ამის შესახებ მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ლიუ ჰემ შვეიცარიაში მიმდინარე „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ისაუბრა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ჩინეთის ეკონომიკა ნორმალურ ნიშნულებს დაუბრუნდება, რასაც, უმეტესწილად, იმპორტი და უცხოური ინვესტიციები განაპირობებს.

„2023 წელს პროგრესისკენ სწრაფვას გავაგრძელებთ, სტაბილურობას შევინარჩუნებთ და პროაქტიულ ფისკალურ პოლიტიკას და გონიერი მონეტარულ პოლიტიკას გავატარებთ. ამასთანავე, ვეცდებით სათანადო დონეზე შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის, ფასებისა და სამუშაო ადგილების მაჩვენებლები. წელს, ადგილობრივი მოთხოვნის შექმნაზე ვფოკუსირდებით, მაგრამ თან, ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობაზე ვიზრუნებთ. მნიშვნელოვანი მიზნებს შორისაა კერძო სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების გაღრმავება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური და ფინანსური რისკების შემცირება“, - აღნიშნა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ლიუ ჰემ დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრემიერს და სი ძინპინის ახლო გარემოცვის წევრს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ლიუ ჰენსა და აშშ-ის ხაზინადარს, ჯანეტ იელენს შორის შედგება, რომელზეც მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები