მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ ექსპორტიორებს საქართველოში?

5f60a9d2bbd7e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.20 22:44
1287
კონტრაქტების გაუქმება, გართულებული ლოგისტიკა, გაზრდილი ხარჯები და რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი გაურკვეველი მდგომარეობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ექსპორტიორებს შეექმნათ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ანი კვარაცხელია აღნიშნავს იანვარ-აგვისტოში ექსპორტის 14.7%-იანი კლება მოსალოდნელი იყო, რადგან ზოგადად მსოფლიო ბაზარზეც ვაჭრობა კლების ტენდენციით ხასიათდება. მისი თქმით, ექსპორტის მიმართულებით სექტორების მიხედვით ყველა კომპანიას სხვადასხვა პრობლემები აქვს.

„ასოციაციას ვიზიტები გვქონდა რეგიონებში და გამოიკვეთა რომ ყველაზე დიდი პრობლემები ლოგისტიკის მიმართულებით იყო: გაზრდილი ხარჯები, არარეგულარული გადაზიდვები, ტრანსპორტირების გაზრდილი დრო. ამასთან, როდესაც კონკურენციას უწევ სხვა ქვეყნებს, ეს ყველაფერი მოქმედებს ფასზეც, რეპუტაციაზეც და პროდუქციის ხარისხზეც“, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

მისი შეფასებით, არსებული სირთულეები ყველაზე მეტად პრობლემებს მცირე და საშუალო ბიზნესებს უქმნის.

„დიდ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიც არის ფეროშენადნობები, ამონიუმის გვარჯილა, ოქრო - სახელმწიფო ვერაფრით დაეხმარება, რადგან ეს ძალიან დიდი კომპანიებია და ისინი თავად წყვეტენ სტრატეგიას. შესაბამისად მივდივართ იქამდე, რომ გამოწვევები ექმნებათ საშუალო კომპანიებს. აქაც, იმ შემთხვევაში თუ კომპანიები პირველადი მოთხოვნის პროდუქტებს აწარმოებენ, მათი მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ხოლო სხვა პროდუქტებზე, მაგალითად ღვინის და მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელიც არ არის პირველადი მომხმარების პროდუქტი, ექსპორტში ძალიან დიდი კლებაა.

ბევრი კომპანია ამბობს, რომ ექსპორტი არ შემცირებია, მათი კონტრაქტები დროებით გადაიდო და არა გაუქმდა. თუმცა, ისეთი კომპანიები, რომლებიც ახლა შედიან ბაზრებზე და გზას იკვალავენ ექსპორტის მიმართულებით, მათ ყველაზე მეტად შეუმცირდათ კონტრაქტები.

კომპანიებს ჰქონდათ ადგილობრივი გამოწვევები, ჩაკეტვის პირველ პერიოდში კომპანიები 1 თვის განმავლობაში სრულად გაჩერდნენ, ერთი თვე კი ცოტა არ არის იმისთვის რომ კომპანიამ კონტრაქტი დაკარგოს, ან ფინანსური შემოსავალი შეუმცირდეს. ეს მოქმედებს ეკონომიკაზეც და თითოეულ ბიზნესზეც, შესაბამისად ეს ქაოტური რეგულაციები აისახება კომპანიებზეც და საერთო სურათზე“, - განმარტა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ანი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო მუდვიმ კონტაქტზე უნდა იყოს ექსპორტიორებთან და კარგად იცნობდეს მათ პრობლემებს.

„მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კომუნიკაცია ყველა ზომისა და მიმართულების კომპანიასთან, იმისთვის რომ განისაზღვროს ვის, რა საჭიროება აქვს.

ჩემი აზრით, უნდა იყოს რეგულარული შეხვედრები კომპანიებთან და მათთან ერთად უნდა წყვეტდეს სახელმწიფო რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს ექსპორტის კუთხით არსებული წნეხი, რომელიც დღეს არის.

სახელმწიფომ რაც არ უნდა მოიგონოს დღეს, ვერასდროს იქნება ეფექტური, თუ კომპანიებს მათ საჭიროებებს არ ჰკითხავს“, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები