მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროგრესი/ჩამორჩენა აქვს ქვეყანას ენერგოეფექტურობის რეფორმის ფარგლებში?

ენერგოეფექტურობის რეფორმა საქართველოში. შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ქვეყანაში გასული წლის ივლისიდან მოქმედებს. ის ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გასული წლის 1 ივლისიდან მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა, თუ განაცხადს შესაბამისობის დეკლარაცია არ ახლავს, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ენერგოეფექტურობის რეფორმის ნაწილია ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილებები ეხება საჯარო დანიშნულების შენობებს. სახელმწიფოს მოუწევს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ფართების 3% გახადოს ენერგოეფექტური, ნაცვლად 1%-ისა. 4 წელიწადში ერთხელ კი ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება წარმოეშობათ, რაც 2028 წლიდან უკვე კერძოს ექტორზეც გავრცელდება.

რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება შენობების ენერგო-კლასების და ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესებიც, რაც ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო-სერტიფიკატი, თუ რომელ ენერგო-კლასს მიეკუთვნება ის. სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.

შენობების ენერგოეფექტურობის რეფორმა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და სხვა ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ითვალისწინებს. რეფორმის განხორციელებაში კი ძალიან დიდი წვლილი აქვს დონორულ დაფინანსებას. კერძოდ, 4 წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას ევროკავშირმა 8 მილიონი ევრო გამოუყო. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია intec-ი უწევს.

სტუმარი: ვახტანგ ბეგაშვილი - საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია intec-ის უფროსი მრჩეველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები