აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის დასანქცირებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.
ლაგაზაურის დეკლარაცია არ იძებნება, ხოლო ხარაზიშვილის ქონება, 2024 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ასეთია:
ზვიად ხარაზიშვილს დეკლარაციაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფლობს, ორი "რეფორმის გზით" (პრივატიზაციით) მიღებულ მიწის ნაკვეთს ქარელში და ერთ 2010 წელს შეძენილ 1000 კვ.მ მიწას გლდანში, რომელშიც 3 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მასვე ეკუთვნის 15 000 დოლარად 2005 წელს შეძენილი ბინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ხარაზიშვილს ჰქონდა 5 443 ლარი. გარდა სახელფასო ბარათისა სხვა ანგარიში დეკლარაციის მიხედვით "ხარებას" არ აქვს.
ამასთან, ხარაზიშვილი ფლობს დაცვის კერძო სამსახური "სარანგის" წილის 50%-ს, საიდანაც 2023 წელს შემოსავლის სახით ხელზე აღებული თანხა 26 015 ლარია.
სახელფასო სარგოს სახით კი, ერთ წელში მიღებული აქვს 111 363 ლარი. თვეში - 9 280 ლარი.