მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში?

სოფო ხალვაში

ბათუმის მერის მოადგილემ და მომღერალმა სოფო ხალვაშმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის თანახმად, მას პირადად გასულ წელს ქონება არ შეუძენია, თუმცა, მისი ქმრის მიხეილ ძოძუაშვილის სახელზე ფიქსირდება ბათუმში 85 კვ.მ ფართობის ბინის შესყიდვა, რომელშიც 139 450 აშშ დოლარი გადაიხადეს.

მანამდე კი, 2023 წელს სოფო ხალვაშის სახელზეა ნაყიდი ბინა, ასევე ბათუმში 38,5 კვ.მ ფართობის, რომელშიც 84 000 აშშ დოლარია გადახდილი. აღსანიშნავია, რომ ორივე ბინას ერთი და იგივე მისამართი აქვს - ეგნატე ნინოშვილის N2.

სხვა ქონება არც სოფო ხალვაშის და არც მისი ქმრის სახელზე დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

რაც შეეხება სახელფასო შემოსავალს, სოფო ხალვაშს ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე გასული წლის განმავლობაში, ჯამში 63 387 ლარი აქვს აღებული, გარდა ამისა, მას, როგორც მუსიკოსს ჰონორარები აქვს მიღებული, ჯამში 48 000 ლარამდე. მათ შორის დამკვეთები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ქართული ოცნება“ და სხვა.

მის მეუღლეს მიხეილ ძოძუაშვილს კი შპს "მარდი ჰილსის" დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე გასულ წელს ხელფასის სახით აღებული აქვს 60 300 ლარი. მის მეუღლეს ასევე სამომხმარებლო სესხის სახით ათი წლის ვადით "ტერა ბანკიდან" აღებული აქვს 296 021 აშშ დოლარი.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს, სოფო ხალვაშს უფიქსირდება მიმდინარე ანგარიში 12 125 ლარის და 394 დოლარის ოდენობით. ასევე, ოვერდრაფტი 6299 ლარის ოდენობით. მის მეუღლეს კი 171 165 ლარის ანაბარი, 96 992 ლარი მიმდინარე ანგარიშზე, ასევე საკრედიტო ანგარიში 296 021 აშშ დოლარი.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია სოფო ხალვაშისა და მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობაც. მათ შორის სოფო ხალვაშის სახელზე:

  1. შპს მაკრო სტუდიო, მეწილე (51%)
  2. შპს ბასტი-ბუბუ აჭარა, მეწილე (33,4%)
  3. შპს ბასტი-ბუბუ ბათუმი, მეწილე (100%)

ხოლო მის მეუღლეს, მიხეილ ძოძუაშვილს სახელზე:

  1. შპს “ახალი გზა” (100%)
  2. შპს მარდი კორპორაცია (50%)
  3. შპს ლურჯი სუფრა (25%)
  4. შპს ზირა ტრანს (5%)

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არც სოფო ხალვაშს და არც მის მეუღლეს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

ამასთან, მიხეილ ძოძუაშვილს უკავია შპს ADOG-GEORGIA-ს დირექტორის, ასევე, შპს ადო-გ ინშაათ თაჯჰიზათ ვე გურაშდირმას საქართველოს რესპუბლიკის ფილიალის დირექტორის პოზიციები. შემოსავლები ამ თანამდებობებიდან არ არის აღნიშნული.

ცნობისთვის, სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილის პოზიციას უკვე 8 წელია 2018 წლიდან დღემდე იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები