სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილი, 2026 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და კასპის მუნიციპალიტეტში, ასევე ფლობს საბანკო ანგარიშებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
დეკლარაციის თანახმად, დავით ონოფრიშვილს ეკუთვნის 110 კვადრატული მეტრის ბინის 50%-იანი წილი თბილისში, მარი ბროსეს ქუჩაზე, რომელიც 2024 წელს ჩუქებით მიიღო. ასევე მის საკუთრებაშია 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კოჯორში, სოფელ დიდებაში, 71 კვადრატული მეტრის ბინა ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2026 წლის იანვარში მან 232.7 კვადრატული მეტრის ბინის 50%-იანი წილი შეიძინა თბილისში, ცაცხვების ქუჩაზე. გარიგების ღირებულებად დეკლარაციაში 205 (ათასი) აშშ დოლარია მითითებული.
ოჯახის წევრებიდან დეკლარაციაში მხოლოდ შვილი, ანასტასია ონოფრიშვილია მითითებული. მას ეკუთვნის მცხეთაში მდებარე 300 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლის 33%-იანი წილი, რომელიც 2024 წელს ჩუქებით მიიღო.
საბანკო ანგარიშებზე დავით ონოფრიშვილს სხვადასხვა ვალუტაში აქვს თანხები განთავსებული, საერთო ჯამში 9 ათასი დოლარი და 4 ათასი ევრო.
ნაღდი ფულადი სახსრების ნაწილში დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დავით ონოფრიშვილს 8,000 აშშ დოლარი აქვს, რომლის წყაროდ ქონების გასხვისებაა მითითებული.
2025 წლის განმავლობაში დავით ონოფრიშვილის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 140,796 ლარი შეადგინა, რაც თვეში 11,733 ლარს უდრის.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ონოფრიშვილს რამდენიმე მსხვილი სასესხო ვალდებულება აქვს. მათ შორისაა 2025 წლის ბოლოს გაფორმებული 888 ათასი ლარის იპოთეკური სესხი, რომლის მოქმედების ვადა 2045 წლამდეა განსაზღვრული. ასევე დეკლარირებულია 215 ათასი და 85 ათასი ლარის მოცულობის სხვა სესხები.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს დავით ონოფრიშვილმა 40 ათას აშშ დოლარად საცხოვრებელი სახლი გაყიდა, ხოლო იმავე წელს დაფიქსირებულია 90 ათასი აშშ დოლარის მიღება 2006 წელს გაცემული სესხის დაბრუნების შედეგად. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა ხანდაზმული ვალის დაბრუნებას უკავშირდება.
2025 წლის განმავლობაში დავით ონოფრიშვილის მიერ შვილების სწავლის გადასახადზე გაწეულმა ხარჯმა 9,577 ლარი შეადგინა.




























