ეკონომიკის სამინისტროში 2025 წლის ზაფხულიდან ენერგეტიკის სექტორს ინგა ფხალაძე კურირებს. ფხალაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გასული წლის 25 ივლისს დაინიშნა.
BMG დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ფხალაძე, რომელმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2025 წლის ბოლოს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ფხალაძე მიწის ნაკვეთებს ფლობს შინდისში, რომელიც 2021-2022 წლებში შეიძინა. 2600 კვ.მ ნაკვეთში ფხალაძემ 2021 წელს 27 000 ევრო გადაიხადა, ხოლო 2900 კვ.მ-ში 30 000 ევრო - 2022 წელს. ფხალაძე ლიბერთის ბანკის აქციებსაც ფლობს, რომელიც 2007 წელს შეიძინა. დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის ის 40 000 აქციას ფლობდა. დოკუმენტში სხვა ქონება ფხალაძის ან მისი ქმრის საკუთრებაში მითითებული არ არის.
დეკლარაციის მიხედვით, ფხალაძე 15 000 დოლარს, ხოლო მისი მეუღლე რამაზ მდინარაძე 35 000 დოლარს ინახავს. დეკლარაციაში წერია, რომ ფხალაძეს ნაღდი ფული წინა სამსახურის დანაზოგიდან აქვს, ხოლო მის ქმარს მანქანის გაყიდვიდან.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ მდინარაძე სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს. მაგალითად 50%-იანი წილი აქვს შპს "სარვაგში".


თანამდებობაზე დანიშვნამდე ინგა ფხალაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) შემნახველი ბატარეების და მწვანე წყალბადის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი იყო. 2024 წელს ADB-გან ფხალაძემ ხელფასის სახით 73 430 დოლარი მიიღო, ხოლო მისმა ქმარმა "ტოიოტა კავკასიის" სათადარიგო ნაწილების ცენტრალური საწყობის დირექტორის პოსტზე - 122 835 ლარი.




























