საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას მინისტრის უძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების, ხელშეკრულებების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. დეკლარაციის მიხედვით, მაკა ბოჭორიშვილის წლიურმა ანაზღაურებამ 2025 წელს 119 731 ლარი შეადგინა.
უძრავი ქონება
მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციაში ოთხი უძრავი ქონებაა მითითებული, რომლებიც საქართველოში მდებარეობს.
მინისტრის საკუთრებაშია თბილისში, ვაკის რაიონში, გივი ძნელაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილი. ქონება განთავსებულია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შენობის საერთო ფართობი 392.8 კვ.მ-ს შეადგენს. მათ შორის საცხოვრებელი ფართია 161.9 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 55.3 კვ.მ, დამხმარე ფართი - 46.1 კვ.მ, ხოლო სარდაფის ფართი - 129.5 კვ.მ. ქონება შეძენილია 2014 წლის 5 თებერვალს ჩუქებისა და მშენებლობის ფორმით, საფასურის გადახდის გარეშე.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია თბილისში, სამგორის რაიონში, ნათია ბაშალეიშვილის II ჩიხში მდებარე 109.7 კვ.მ ბინა, რომელიც მაკა ბოჭორიშვილმა 2024 წლის 14 მაისს 180 000 აშშ დოლარად შეიძინა. აღნიშნული უძრავი ქონება მინისტრის 100%-იან საკუთრებაშია.
მის საკუთრებაშია ასევე სოფელ წავკისში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2022 წლის 17 თებერვალს 77 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
კიდევ ერთი ბინა, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე 58.75 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, დეკლარაციის მიხედვით, 2019 წლის 21 ოქტომბერს 90 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
დეკლარაციაში მითითებული ქონების შეძენაზე გადახდილი თანხების ჯამი, გარდა ჩუქებითა და მშენებლობით მიღებული ქონებისა, 347 000 აშშ დოლარს აღემატება.
საბანკო ანგარიშები
მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციაში მითითებულია ანგარიშები ორ ბანკში — საქართველოში მოქმედ "თი-ბი-სი ბანკში" და ბელგიურ ბანკ Belfius-ში.
- მიმდინარე ანგარიში — 1706.13 ლარი;
- მიმდინარე ანგარიში — 221.54 აშშ დოლარი;
- მიმდინარე ანგარიში — 1070.49 ევრო;
- საკრედიტო ხაზი — 89 265.95 აშშ დოლარი;
- ანაბარი — 3100 აშშ დოლარი;
- ანაბარი — 5500 ლარი.
ბელგიური ბანკის Belfius-ის ანგარიშებზე დეკლარაციაში მითითებულია:
- მიმდინარე ანგარიში — 219.21 ევრო;
- ანაბარი — 1644.52 ევრო.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს ასევე აქვს იპოთეკური სესხი "თი-ბი-სი ბანკში" 115 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულება 2024 წლის 30 აპრილს გაფორმდა და ძალაში 14 მაისს შევიდა. სესხის ვადა 10 წელს შეადგენს და საბოლოო დაფარვის თარიღად 2034 წლის 14 მაისია მითითებული.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სესხის დასაფარად ბოჭორიშვილმა 17 129.68 აშშ დოლარი გადაიხადა.
ხელშეკრულებები და დამატებითი შემოსავლები
დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ორი ხელშეკრულება.
ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონება თვეში 2300 აშშ დოლარად იყო გაქირავებული. ხელშეკრულება 2022 წლის 10 იანვარს გაფორმდა და მის ფარგლებში მიღებულმა თანხამ 27 600 აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ხელშეკრულება 2025 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა და ითვალისწინებს თვეში 900 აშშ დოლარის ოდენობის გადასახადს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ამ ხელშეკრულებიდან მიღებული თანხა 3600 აშშ დოლარს შეადგენს.
ხარჯები
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მაკა ბოჭორიშვილის მიერ 3000 ლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე ხარჯი დაფიქსირდა.
მათ შორის:
- სარემონტო სამუშაოები და ავეჯი — 40 000 ლარი;
- მოგზაურობა — 10 000 ლარი;
- იპოთეკური სესხის დაფარვა — 17 129.68 აშშ დოლარი.




























