საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრმა ნანა ყეინიშვილმა საკუთარი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც 2022 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.
ყეინიშვილი საკუთარ დეკლარაციაში უთითებს ოთხ უძრავ ქონებას, მათ შორის ორ საცხოვრებელ ფართს თბილისში - 212 კვადრატული მეტრის ფართობის სახლს თბილისში ცურტაველის ქუჩაზე და 82 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა დიდ დიღომში. ასევე 1,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბეთანიაში და 14,760 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძისში.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ნანა ყეინიშვილს მითითებული აქვს ანგარიშები “საქართველოს ბანკში”, “თიბისიში”, “ქართუსა” და “ბაზისბანკში”. ამ ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში 75 ათას ლარამდე თანხა, ხოლო აშშ დოლარში 394 ათას დოლარამდე თანხები ირიცხება. შესაბამისად, სებ-ის საბჭოს წევრის დეპოზიტების და ანგარიშების ჯამი 1 მილიონ ლარს აჭარბებს.
შემოსავლების მხრივ ნანა ყეინიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია “ვიპ ფეიში” საკუთარი წილის გასხვისების გზით 115,000 ლარის შემოსავალი მიიღო, ასევე 30,000 ლარის შემოსავალი მიიღო ცურტაველის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაში ¼ ფართის გაყიდვით.
ნანა ყეინიშვილი ქონებრივ დეკლარაციაში ბიზნეს სექტორში მონაწილეობის შესახებაც წერს, კერძოდ სებ-ის საბჭოს წევრს მითითებული აქვს, რომ არის 100%-იანი წილის მესაკუთრე კომპანია “დანიელი 2022”-ში. ასევე 100%-იანი წილის მფლობელი “მწვანე ენერგიის ჯგუფსა” და “სადმელი ჰესში”, თუმცა აღნიშნული კომპანიებიდან მას შემოსავლები არ მიუღია. ნანა ყეინიშვილი 30%-იან წილს ფლობს კომპანია “იუნაითედ ფაუერ ენერჯიში” და 1%-იან წილს კომპანია “ნათმეტალში”. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში მას შემოსავალი არც ამ კომპანიებიდან მიუღია.
ნანა ყეინიშვილი 2023 წლის 2 ოქტომბრამდე საგადახდო პროვაიდერ “ვიპ ფეის” დირექტორი და 100%-იანი პარტნიორი იყო. კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ იმყოფება.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “ვიპ ფეი” 2022 წლის ივლისში დაფუძნდა და მან სებ-ში შესაბამისი რეგისტრაცია 2022 წლის ნოემბერში გაიარა. დაფუძნების პერიოდში კომპანიის 55% და 45%-იან წილები ნანა ყეინიშვილს და საქართველო ისრაელის ორმაგ მოქალაქეს რევაზ მეგრელიშვილს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი კომპანიის მეწილეთა რიგებში ცვლილებები განხორციელდა და ყეინიშვილმა 100%-იანი წილის მფლობელად გადაინაცვლა. ეროვნულ ბანკში პოსტის დაკავების შემდეგ კი აღნიშნული წილი გაასხვისა.
ნანა ყეინიშვილმა თეიმურაზ ხომერიკთან ერთად ეროვნული ბანკის საბჭოში პოსტი გასული წლის სექტემბერში დაიკავა.
ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა, იქამდე კი წლების განმავლობაში საქართველოში "წითელი ჯვირის" კომიტეტს ხელმძღვანელობდა.