საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, 2025 წლის 31 ივლისს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, დუნდუას საკუთრებაშია თბილისში რამდენიმე უძრავი ქონება, აგრეთვე მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხები.
უძრავი ქონება
დუნდუა ფლობს:
- ბინას კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩაზე, 119,47 კვ.მ ფართობით, შეძენილი 244 615 ლარად;
- ბინას იმავე მისამართზე, 69,4 კვ.მ ფართობით, შეძენილი 142 097 ლარად;
- 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ აგარაკის დასახლებაში, შეძენილი 28 000 ლარად;
- ასევე, თბილისში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე რეგისტრირებულ სამ ავტოფარეხს, რომლებიც გაცვლის გზით მიიღო.
საბანკო ანგარიშები და ვალდებულებები
დეკლარაციაში მითითებულია, რომ დუნდუას „თი–ბი–სი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 6 507 ლარია, ხოლო „ტერა ბანკსა“ და სხვა მიმდინარე ანგარიშებზე ნაშთი ნულოვანია. მინისტრის მოადგილეს ასევე აქვს 5 300 ლარის ოვერდრაფტი „თი–ბი–სი ბანკში“.
ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა
დუნდუა 100%-ით ფლობს ორ კომპანიას:
- „ქეფითალ რისერჩ სენთერს“, სადაც მისი მეუღლე ლანა ებრალიძე დირექტორის პოზიციას იკავებს;
- „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგს“, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს.
შემოსავლები
2024 წელს მიხეილ დუნდუამ ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან 93 030 ლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო. აღნიშნული თანხა უფრო მეტია, ვიდრე ფინანსთა მინისტრის - ლაშა ხუციშვილის ანაზღაურება, რაც გასულ წელს 80,199 ლარს შეადგენდა. მიხეილ დუნდუას მეუღლემ, ლანა ებრალიძემ, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის მოადგილედ და ლექტორად მუშაობს, 25 958 ლარის შემოსავალი მიიღო.
მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლის ნოემბრიდან იკავებს.




























