მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი

ლერი ბარნაბიშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გადადგა - უწყებაში bm.ge-ს უთხრეს, რომ ბარნაბიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2024 წლის მარტიდან იკავებდა, თუმცა იქამდე მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2015-2020 წლებში კი ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, იქამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ბარნაბიშვილს უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც ის სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ მაღაროში ფლობს ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, რომელთა ჯამური ფართობი 10,617 კვ.მ-ს შეადგენს.

ქონების უმეტესი ნაწილი, მათ შორის მიწის ნაკვეთები, ლერი ბარნაბიშვილმა მემკვიდრეობით 2009 წელს მიიღო.

ლერი ბარნაბიშვილის მეუღლის საკუთრებაშია 153 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. ქონება 2021 წელს შეძენილი და მისი ღირებულება 143,162 აშშ დოლარს (USD) შეადგენს. შენიშვნაში მითითებულია, რომ გადახდა 2014 წლიდან დაიწყო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე.

ასევე ბარნაბიშვილის მეუღლის საკუთრებაშია LEXUS RX450H (2015 წლის გამოშვება), რომელიც 2023 წლის მარტში 19,600 USD-ად შეიძინა.

ლერი ბარნაბიშვილის მთავარი შემოსავლის წყარო 2023 წელს იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობა იყო, საიდანაც მან 77,632 ლარის ხელფასი მიიღო.

მას გაფორმებული აქვს ორი საბანკო სასესხო შეთანხმება 50,000 და 25,000 დოლარის ოდენობით. რაც შეეხება საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს, ბარნაბიშვილი 11,600 ლარს და 450 ევროს უთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები