გუშინ, 25 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის მოადგილედ ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი აირჩიეს. ბარვენაშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
ბარვენაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის მანდატს 2024 წლის თებერვლიდან იკავებს, როდესაც ის წინა მოწვევის პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ შევიდა, ის ასევე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.
პარლამენტის ვებგვერდის თანახმად გიორგი ბარვენაშვილის სამუშაო გამოცდილებად მითითებულია შპს ფფე-ს დირექტორობა 2019-2024 წლებში, ხოლო სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ მის ბიოგრაფიაში არაფერი მითითებული არაა. რაც შეეხება მის განათლებას, მან 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მენეჯმენტის ფაკულტეტი.
რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, გიორგი ბარვენაშვილი მასში მიუთითებს ქონებას, რომლის საერთო მოცულობა 16 მილიონ ლარს აჭარბებს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 46 ცალ ბიტკოინს, რომელთა ღირებულებაც 4 მილიონი დოლარია, ასევე 100 ცალ ეთერიუმს საერთო ღირებულებით 238 ათასი დოლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებსა და ნაღდ ფულს, გიორგი ბარვენაშვილი ინახავს 760 ათასი დოლარისა და 187 ათასი ევროს დეპოზიტებს, მათ გარდა ნაღდი ფულის სახით ინახავს 80 ათას ევროს, 100 ათას დოლარსა და 62 ათას გირვანქა სტერლინგს. ლარებში აღნიშნული დანაზოგების მოცულობა 3.3 მილიონი ლარია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბარვენაშვილი ფლობს 9 ძვირფას მაჯის საათს, მათ შორის Patek Philipe-ს, Richard Mille-ს, Rolex-ს, Audemars Piguet-სა და Bvlgari-ს საათებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ Audemars Piguet-ში 2022 წელს 110 ათასი დოლარი გადაიხადა. საერთო ჯამში აღნიშნული საათების ფასად დეპუტატი 439 ათას დოლარს უთითებს.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეპუტატი უთითებს სახლებსა და მიწის ნაკვეთებს მცხეთასა და ზაჰესში 1000, 700 და 785 კვადრატული მეტრის მოცულობით. აღნიშნულ უძრავ ქონებაში დეპუტატმა 22 ათასი, 46 ათასი და 20 ათასი დოლარი გადაიხადა. ასევე, 2021 წელს თბილისში უჩანეიშვილის ქუჩაზე შეძენილ 853 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს, რომელშიც 930 ათასი ლარი გადაიხადა. ამასთანავე, გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 1000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში ცოლიკაურის ქუჩაზე, რაშიც 57 ათასი დოლარი გადაიხადა. ასევე ცოლიკაურის ქუჩაზე მდებარე 950 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 50 ათასი დოლარი გადაიხადა.
გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაციაში ასევე მითითებულია 2023 წელს მიღებული შემოსავალი ბიზნესიდან 2.6 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის წყაროდაც შპს "ოდა" არის აღნიშნული.




























