მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც დააკავეს

კობა გაბუნია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, რომელიც გუშინ დააკავეს, აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან 2025 წლის გაზაფხულამდე იკავებდა. მან პოსტი გაზაფხულზე მინისტრ ირაკლი ქარსელაძის გადაყენების შემდეგ დატოვა.

გამოძიების ინფორმაციით, კობა გაბუნიამ, რომელიც სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს კურირებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. საქმე უკავშირდება მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მგფ-ის ყოფილი დირექტორს დავით ტაბიძესაც აქვს ბრალი წარდგენილი. საუბარია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ დაუსაბუთებელი ავანსები გასცა კომპანია "ლაგი კაპიტალზე", რომელმაც თანხები მიითვისა. გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ასევე ჩატარდა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლის ჩხრეკაც.

bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით დატოვა კობა გაბუნიამ "ოცნების" მთავრობა. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს პორტალზე ჩანს, კობა გაბუნიას ქონებრივი დეკლარაცია წასვლიდან დაახლოებით ერთ თვეში აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, გაბუნია თბილისში რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის - ბინებს და ავტოფარეხს. ერთ-ერთი ბინა მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას აქვს შეძენილი.

კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, კობა გაბუნიას სახელზე თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე 40.7 კვადრატული მეტრის ბინაა რეგისტრირებული, რომელიც 2011 წელს 30 000 დოლარად შეიძინა. მას ასევე ეკუთვნის ბინა იყალთოს გორის ქუჩაზე, 69 კვადრატული მეტრი ფართობის, შეძენილი 2022 წელს 60 000 დოლარად. იმავე მისამართზე მისი საკუთრებაა ავტოფარეხიც, რომლის ღირებულება 2 000 დოლარია და რომელიც ასევე 2022 წელს შეიძინა.

მეუღლე მაკა გვენცაძე ქუთაისში ფლობს საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2021 წელს ჩუქებით მიიღო. ქონების საერთო ფართობი 343 კვადრატული მეტრია.

გაბუნიას ოჯახის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები ძირითადად მცირეა. მინისტრის ყოფილ მოადგილეს დეკლარაციის შევსებისას საბარათე ანგარიშზე 1 104 ლარი ჰქონდა. მაკა გვენცაძის ანგარიშებზე კი ჯამურად რამდენიმე ასეული ლარი ფიქსირდებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, კობა გაბუნიას 2024 წელს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობით 93 030 ლარის შემოსავალი მიუღია. მისი მეუღლე, მაკა გვენცაძე, 2024 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომელი იყო და ამ პერიოდში, სხვადასხვა პოზიციაზე, ჯამში 63 000 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

დოკუმენტში მითითებულია, რომ გაბუნიას მოქმედი იპოთეკური სესხი აქვს — 200 000 ლარის მოცულობით, 2042 წლამდე ვადით.

საჯარო დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, უცხოურ კომპანიებში წილებს ან 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავ ქონებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები