მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს ირაკლი (დაჩი) ბერაია - დეკლარაცია

ირაკლი ბერაია

ირაკლი (დაჩი) ბერაია გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

ის აქამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც გასული წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი თანამდებობა გასულ წელს რამდენჯერმე შეიცვალა. ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპრილის დასაწყისში დაინიშნა. მანამდე კი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში - 2025 წლის იანვრიდან, იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს. უფრო ადრე, ბერაია "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2025 წლის 30 დეკემბერს ჩააბარა, ბერაიას მეუღლეს თბილისში, ზალდასტანიშვილების ქუჩაზე, 106.8 კვ.მ ბინა აქვს, რომელიც 2009 წელს 81 600 დოლარად შეიძინა. თავად ბერაიამ 2024 წლის მარტში შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროში, სოფელ წყლულეთში, რომლის ღირებულებად 13 000 დოლარია მითითებული.

ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ირაკლი ბერაიას საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი – BMW 640 I, რომელიც მან 2022 წლის დეკემბერში 12 000 დოლარად შეიძინა.

ასევე არის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი. ბერაიას 33.3%-იანი წილი აქვს შპს „პროექტების მართვის კომპანიაში“, 33.5% – შპს „პმკ 2013“-ში და 50% – შპს „პმკ უძრავი ქონება“-ში. თუმცა არც ერთ კომპანიაში ბოლო პერიოდში მისთვის შემოსავალი არ ირიცხება.

მისმა მეუღლემ, მაია გეგეშიძემ "ქართუ ბანკის" მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2024 წელს ანაზღაურების სახით 48 835 ლარი მიიღო, ხოლო ბერაიამ, იმ დროისთვის პარლამენტის წევრის პოზიციაზე, 46 919 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ბერაიას სესხების ჩამონათვალი, რომლებიდანაც ყველა "ბანკი ქართუდან" აქვს მიღებული ასეთია:

  • $40 000 – მიწის ნაკვეთის შესაძენად;
  • $100 000 – ტრაქტორი და ინვენტარი;
  • $46 100 – იპოთეკური სესხის რეფინანსირება;
  • ₾100 000 – სიმინდის კულტივაცია;
  • $40 000 – ტრაქტორი (მუხლუხო);
  • ₾100 000 და ₾160 000 – სიმინდის დათესვა და მოვლა;
  • ₾59 230 – სამომხმარებლო სესხი;
  • ₾37000 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი წყლულეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად

დეკლარაციაში ასახულია მაია გეგეშიძის მიერ ორი შვილის სწავლის საფასურის სახით გადახდილი 10330 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები