მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე, რომელმაც საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა|დეკლარაცია

მანანა კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, გადაწყვეტილება კობახიძის პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა მისი მოთხოვნა აცილების შესახებ - რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითაცილება ითხოვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გთავაზობთ მანანა კობახიძის უახლეს ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც 2026 წლის 28 იანვარს ჩააბარა და მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო.

ის ფლობს 600 კვ. მიწის ნაკვეთს, შენობა-ნაგებობებით, სოფელ ტაბახმელაში, რომელიც 2017 წელს 70 000 დოლარად იყიდა. 73.7 კვ.მ ბინას თბილისში, რომელიც 2024 წელს 65 000 დოლარად აქვს შეძენილი.

მის სახელფასო ბარათზე მითითებულია 11 588 ლარი.

მანანა კობახიძემ 2025 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე 164 539 ლარი მიიღო.

მანანა კობახიძის მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა გასულ წელს კომპანიებიდან შემოსავალი არ მიუღია. კერძოდ, წილებს ფლობს შემდეგ საწარმოებში:

  • 33%-იანი წილი შპს „კაპიტალი XXI“ (საწარმო არ არის აქტიური, საქმიანობა შეჩერებულია)
  • 33%-იანი წილი შპს „სოლარ ენერჯი“ (საწარმო არ არის აქტიური, საქმიანობა შეჩერებულია)
  • 10%-იანი წილი შპს „პარტნიორი“ (საქმიანობა არ დასრულებულა)

მანანა კობახიძე დეკლარაციაში უთითებს 10 000 დოლარს შვილისგან მიღებული საჩუქრის სახით და განმარტავს, რომ ეს თანხა გადაეცა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად.

დოკუმენტში ასევე მითითებულია 34 500 დოლარი ბინის რემონტის ხარჯების სახით.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 10 წლით აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება (3-ს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3-ს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები