"ქართული ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მე-5 მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა. მანამდე ის იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.
ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.
ლანა მორგოშიას ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის დეკემბერში აქვს ჩაბარებული. დოკუმენტის თანახმად, ის ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. დოკუმენტში მოცემულია მისი მეუღლის, ავთანდილ ცინცაძის სახელზე არსებული ორი მიწის ნაკვეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახატანში 2021 წელს 15850 ლარად შეძენილი 600 კვ.მ. და გარდაბანში, სოფელ თელეთში, 7600 კვ.მ, რომელიც 2014 წელს 1500 დოლარადაა შეძენილი. ასევე, ავთანდილ ცინცაძის საკუთრებაშია 2024 წელს შეძენილი ორი ავტომობილი: 30 000 ლარად TOYOTA CAMRY 2019 და 70 000 ლარად AUDI Q8 2020.
დეკლარაციის შევსების დროისთვის ლანა მორგოშიას ჰქონდა 24 194 ლარის ანაბარი.
2023 წელს ავთანდილ ცინცაძეს თბილისის საკრებულოში "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე 46 696 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. ლანა მორგოშიას იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე 52 323 ლარი, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერის პოზიციაზე 4 518 ლარი.




























