საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მიდის საკონსტიტუციო სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში მერაბ ტურავა.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლით 2020 წელს აირჩიეს. 1999 წელს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და ეს თანამდებობა 2006 წლამდე ეკავა. მაშინ მერაბ ტურავა და კიდევ სამი მოსამართლე თანამდებობიდან გაუშვეს. ამ გადაწყვეტილებას კი ხელი ლევან მურუსიძემ მოაწერა. სასამართლოდან გაძევების შემდეგ, მერაბ ტურავა სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში და საზღვარგარეთ.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2015 წელს ტურავა პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია.
ტურავა დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ ერთ 1489 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2020 წელს გაცვლის სანაცვლოდ აქვს რეგისტრირებული. სხვა უძრავი და მოძრავი ქონება ტურავას დეკლარაციის მიხედვით არ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში სახელფასო სარგოს სახით მიღებული აქვს 138 569 ლარი. თსუ-ში პროფესორის რანგში 13 989 ლარი, პროფესორის რანგშივე რობაქიძის უნივერსიტეტში 36 180 ლარი.
ტურავას 2023 წლის დეკლარაციის შევსების მომენტში ანაბარზე 60 000 დოლარი ჰქონდა. 1 წლის განმავლობაში ტურავამ სრულწლოვან შვილს 6 000 ევრო და 34 000 ლარი აჩუქა. დეკლარაციის შევსების მომენტშივე ტურავას TBC ბანკის შემნახველ ანგარიშზე 50 280 ლარი, 10 002 ევრო და 92 006 დოლარი ჰქონდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი აპრილის დასაწყისში შეიცვალა - მას შემდეგ, რაც ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა, ამ თანამდებობას პაატა სალია იკავებს.




























