ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად დღეს, 17 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. სუსში ამბობენ, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით დაინტერესდა.
ჩიქოვანმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობა გასული წლის ივნისში დატოვა. ბოლო დეკლარაცია კი 2025 წლის სექტემბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, თბილისში ორ ბინას და ერთ აგარაკს ფლობს.
დოკუმენტის მიხედვით, თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 52 კვ.მ ბინა 2019 წელს 51 500 დოლარად იყიდა, 2019 წელსვე იყიდა იგივე ქუჩაზე მდებარე 81 კვ.მ საცხოვრებელი 80 200 დოლარად. ბეთანიაში მდებარე 603 კვ.მ აგარაკი კი 2018 წელს მემკვიდრეობით მიიღო. ბინებთან ერთად თამარაშვილის ქუჩაზე აქვს ავტოფარეხი, რომელიც 2019 წელს 5000 დოლარად იყიდა.
მისი ცოლი ნინო კახნიაური თანამესაკუთრეა თელავის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების.
გასულ წელს შევსებული დეკლარაციით, რომელიც 2024 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს, ჩიქოვანს სხვადასხვა კომპანიაში წილები აქვს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლები არ უფიქსირდება. კომპანიები, სადაც წილებს ფლობს აღარ ფუნქციონირებს.


მანამდე (2024 წელს) შევსებული დეკლარაციაში წერია, რომ 2023 წელს ჩიქოვანმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 205 908 ლარი მიიღო ხელფასის სახით, ანუ თვეში დაახლოებით 17 ათასი ლარი. მისმა ცოლმა ნინო კახნიაურმა 2024 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 40 538 ლარი მიიღო, ხოლო ფოტო/ვიდეო მომსახურებაში - 22 971 ლარი.




























