თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, გიორგი ტყემალაძე ამ თანამდებობაზე მისმა მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ შეცვალა. ტყემალაძე კი რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ ვიცე-მერად წარადგინა.
ზურაბ აბაშიძე 2021 წლიდან საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა, ის ასევე იყო მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარია. იქამდე კი 2017-2021 წლებში ყაზახეთში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა, იქამდე კი 2012-2016 წლებში მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ზურაბ აბაშიძეს უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წელს აქვს შევსებული და ის 2023 წელს მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, აბაშიძის სახელზე რეგისტრირებულია ორი ბინა თბილისში. ერთი მათგანი, 138.76 კვ.მ ფართობის, მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე (N25ა). ეს ბინა 2010 წელს ჩუქებით იქნა მიღებული. მეორე ბინა, 209.6 კვ.მ ფართობით, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე (N2ბ) 2014 წელს 85,000 ლარად შეიძინა. ამავე მისამართზე მას ეკუთვნის 19.3 კვ.მ ავტოფარეხი, რომელიც 5,000 ლარად იყიდა 2014 წელს.
დეკლარაციის თანახმად, 2023 წელს ზურაბ აბაშიძის ხელფასმა 70,044 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს რამდენიმე საბანკო ანგარიშს, მათ შორის თიბისი ბანკში (18,877.43 ლარი, 1,812.4 ევრო, 5,000 აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკში (312.93 ლარი, 555.86 ევრო). გარდა ამისა, მას აქვს 10,000 აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი დანაზოგი.



























