მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც დააკავეს

ვლადიმერ ხუნდაძე

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

ვლადიმერ ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს 2019-2025 წლებში იკავებდა. იქამდე კი 2016-2017 წლებში საბაჟო დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2018 წელს კი საქართველოს ფოსტის დირექტორის მოადგილე იყო. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ხათუნა ფხალაძე საქართველოს ფოსტაში არის დასაქმებული გადაზიდვების სამსახურის, სატერმინალო მომსახურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ხუნდაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია. დოკუმენტის თანახმად, ხუნდაძეს თბილისში და მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი უძრავი ქონება ეკუთვნის.

კერძოდ, 2011 წელს მან თბილისის ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე 64,5 კვადრატული მეტრის ბინა 30 000 ლარად შეიძინა, ხოლო 2017 წელს – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი 90 000 ლარად. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია სესხით.

ხუნდაძის მეუღლეს, ხათუნა ფხალაძეს, ორი ავტომობილი ეკუთვნის – Toyota RAV4 (შეძენილი 2021 წელს 11 500 აშშ დოლარად) და Lexus NX 250 AWD (შეძენილი 2024 წელს 22 200 დოლარად).

საბანკო ანგარიშებზე ხუნდაძეს და მის მეუღლეს რამდენიმე ნაშთი აქვთ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. კერძოდ, ვლადიმერ ხუნდაძის ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ 9 457 ლარია, ხოლო მისი საკრედიტო ბარათის დავალიანება 1 212 ლარს შეადგენს. დამატებით, მას უცხოურ ვალუტაში მცირე ნაშთებიც აქვს. მეუღლის ანგარიშებზე ფიქსირდება დაახლოებით 1 300 ლარი.

ნაღდი ფულის სახით ხათუნა ფხალაძემ დეკლარაციაში ორი დანაზოგი მიუთითა – 15 000 და 10 000 ლარი.

ხათუნა ფხალაძე დასაქმებულია რამდენიმე კომპანიაში: „ჯეო ნუტრიშენში“, „ფაინთრი ინტერნეიშენალში“, „სოფარმას“ წარმომადგენლობაში და „საქართველოს ფოსტაში“, სადაც 2024 წელს ჯამურად 95 000 ლარზე მეტი მიიღო.

ვლადიმერი ხუნდაძემ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან 2024 წელს 101 635 ლარი მიიღო.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ თანამდებობის პირს ორი იპოთეკური სესხი აქვს: ერთი 46 700 ევროს ოდენობით (გაცემული 2018 წელს) და მეორე 46 000 ლარის ოდენობით (გაცემული 2019 წელს). ორივე სესხი აღებულია „საქართველოს ბანკში“.

დოკუმენტში ბიზნესთან ან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მითითებული არ არის.

გამოძიების შესახებ:

შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე, რომელიც ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ის პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებულ პირად წარადგინა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები