მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს შს მინისტრის ახალი მოადგილე გიორგი სახოკია - დეკლარაცია

გიორგი სახოკია

"ოცნების" მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გურიის ყოფილი რწმუნებული და შსს აკადემიის მოქმედი დირექტორი გიორგი სახოკია დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბუთხუზი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.

გიორგი სახოკიამ 2025 წლის აპრილში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას და მის ოჯახს თბილისში რამდენიმე უძრავი ქონება და მოძრავი აქტივი ეკუთვნის.

სახოკიას საკუთრებაშია თბილისში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (133,21 კვ.მ) და ბინა ბაგებში (69,35 კვ.მ), ორივე ქონება მიღებულია მემკვიდრეობის გზით.

მოძრავ ქონებაში დეკლარირებულია სამი Chevrolet Corvette და მეუღლის საკუთრებაში არსებული Honda Civic.

საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში ასახულია რამდენიმე ათასი ლარისა და დოლარის ნაშთი.

გიორგი სახოკია არის შპს „ფეშენ გუდსის“ 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა კომპანიას დეკლარაციის მიხედვით საქმიანობა არ განუხორციელებია. მეუღლე სალომე დეკანოსიძე კი ინდივიდუალური მეწარმეა და გასულ წელს აღნიშნული საქმიანობით 23 372 ლარის შემოსავალი მიიღო.

2024 წელს გიორგი სახოკიამ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოში მრჩევლად მუშაობისგან 54 749 ლარი მიიღო, ხოლო მეუღლე – სხვადასხვა ორგანიზაციაში მენეჯერულ პოზიციებზე ჯამურად 49 000 ლარზე მეტი ანაზღაურებით.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეკანოსიძემ კერძო სესხიდან დამატებით მიიღო 7 616 აშშ დოლარი და 12 051 ლარი.

გიორგი სახოკია შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა, იქამდე კი ის თავდაცვის სამინისტროს აპარატში საქმიანობდა. 2021-2022 წლებში ის გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობდა, 2020 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2019 წლებში კი შსს-ში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები