"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მან თორნიკე რიჟვაძე უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. თამაზაშვილის წარდგენაც გუშინვე საღამოს შედგა.
"ბატონი სულხანი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენისას.
სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. კერძოდ, თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. მას შემდეგ, სულხან თამაზაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.
სულხან თამაზაშვილი 1983 წელს ქობულეთშია დაბადებული. მას ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სულხან თამაზაშვილს 2017 და 2019 წლებში მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში 2 500 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 50%-საც ფლობს. მის მეუღლეს კი წავკისში მიღებული აქვს მემკვიდრეობით აგარაკი 2006 წელს.
2011 წელს კი თბილისში ნაყიდი აქვს 74 კვ.მ ბინა 50 000 ლარად.
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას სულხან თამაზაშვილს სახელფასო ბარათზე 1053 ლარი ჰქონდა.
2023 წლის განმავლობაში სულხან თამაზაშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე აღებული აქვს 98 892,02 ლარი ხელფასის სახით. რაც შეეხება სესხს, მას 2023 წელს აღებული აქვს ათწლიანი სამომხმარებლო სესხი 60 000 ლარის ოდენობით, რომლის გასავალიც საანგარიშო პერიოდში 42 629,21 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგება საქმიანობას, რაც მის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს.