მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებით დატოვა შემოსავლების სამსახური ლევან კაკავამ?

ლევან კაკავა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა დღეს, 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა. კაკავა პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ჩაანაცვლა. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

საქმიანი ბიოგრაფია

ლევან კაკავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით 2001 წელს დაამთავრა.

მისი საჯარო კარიერა 2002 წელს დაიწყო.

  • 2002–2004 წწ. – მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამომძიებლად.
  • 2004–2005 წწ. – ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში, მე-2 განყოფილების გამომძიებელი.
  • 2005–2007 წწ. – ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის სამმართველოში, უფროსის მოადგილე.
  • 2007–2009 წწ. – შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 2010 წელს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, იგივე რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 2010–2013 წწ. – იმავე სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
  • 2013 წელს – დაინიშნა საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად.
  • 2013–2014 წწ. – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • 2014–2017 წწ. – დაიკავა იმავე დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.
  • 2017 წელს – იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე.
  • 2017 წლის ნოემბრიდან – დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, პოსტს კი 2019 წლამდე იკავებდა, ვიდრე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი არ გახდა.

bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით დატოვა შემოსავლების სამსახური ლევან კაკავამ.

დეკლარაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა, ლევან კაკავამ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 27 სექტემბერს წარადგინა, რომელიც 2023 წლის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, კაკავამ 2023 წელს შემოსავლების სამსახურში მუშაობით 105  838 ლარი მიიღო, რაც თვიურად 8 819 ლარია. გარდა ამისა, 27 000 ლარი მიიღო ქონების იჯარიდან.

ლევან კაკავა ფლობს 68,28 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, რომელიც 2019 წელს 60 053 აშშ დოლარად შეიძინა.

მეუღლის, ნანა აბშილავას სახელზეა რეგისტრირებული 54 კვ.მ ბინა თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე, შეძენილი 2023 წლის იანვარში 20 000 დოლარად. აბშილავა ასევე ფლობს 2020 წელს გამოშვებულ Toyota RAV4 Hybrid-ს, რომელიც 2021 წელს 102 574 ლარად შეიძინა. კაკავას მოძრავი ქონება დეკლარაციაში არ უფიქსირდება.

კაკავას დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა ნაღდი ფულის სახით 55 000 აშშ დოლარი, რომელიც დეკლარაციაში მითითებულია როგორც დანაზოგი. ბანკებში განთავსებულ ანგარიშებზე მხოლოდ ერთ ანგარიშზე ფიქსირდება შედარებით მნიშვნელოვანი თანხა — სახელფასო ანგარიშზე 28 930 ლარი. სხვა ანგარიშებზე ნაშთები უმეტესად ნულოვანია ან უმნიშვნელო.

დეკლარაციის მიხედვით კაკავასა და მის მეუღლეს არ აქვთ წილები კომერციულ საწარმოებში. ასევე არ მიუღიათ საჩუქრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები