საქართველომ მომავალში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში სავალუტო ფონდის დირექტორი აცხადებს.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ ჯიჰად აზური აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე საფინანსო სექტორის მდგომარეობის განმტკიცების ნაწილში.
ჯიჰად აზური აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინფლაციის დაჩქარებაც შეინიშნებოდა. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გლობალური გაურკვევლობა წარმოადგენს.
„ეს რეგიონის რამდენიმე ქვეყანას ეხება. წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით კარგი მაჩვენებლები ინფლაციის ზრდასთან იყო შერწყმული. ინფლაცია ოდნავ აღემატება სამიზნე მაჩვენებლებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს თანდათან შემცირდება. ფისკალური ბუფერების გაძლიერება, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, ფინანსური სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესება, საგარეო ბუფერების შექმნა — ეს ის ზომებია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას მოკლევადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მაღალი გაურკვევლობის გარემოში ვიმყოფებით. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ გლობალური გაურკვევლობის დონე მაღალია და შესაძლოა, დაგვიანებით იჩინოს თავი. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით კარგი ზრდის დონით ისარგებლეს, ეს ზრდა ზოგიერთი რეფორმის დაჩქარებით და ამავდროულად, სტაბილურობის შენარჩუნებით განამტკიცონ.
სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, ზრდის მეორე ბერკეტი არის სტრუქტურული რეფორმების გზით საქართველოს ეკონომიკის მეტი ინვესტიციის მოზიდვის უნარის დაჩქარება. საქართველო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის კუთხით რამდენიმე გზაჯვარედინზე იმყოფება. ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის ხარჯების შემცირება, ასევე წარსულში ურთიერთობების მიმართულებით გარკვეულ დაძაბულობასთან გამკლავება — ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური ზრდის კუთხით სრული სარგებლის მიღებაში. რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც ტრანზაქციების ხარჯების შემცირება, დაეხმარება საქართველოს, გააგრძელოს ინვესტიციების მოზიდვა. ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება - სექტორი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა - ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის დამატებითი ზრდის პოტენციალს“, - აღნიშნავს ჯიჰად აზური.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა.




























