კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა.
კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დამტკიცდა, რომელიც წინასწარი რეგულირების მიზნით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის კვლევის, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების გამჭვირვალე პროცედურებსა და სტანდარტებს ადგენს. კომუნიკაციების კომისია წერს, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოში ტელეკომ ბაზრის განვითარებისა და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბების მიზნით შეიმუშავა.
მეთოდოლოგიის მიხედვით, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების მთავარი საფუძველია და ბაზრის ანალიზს ყველა არსებითი გარემოებისა თუ სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია ჩატარდეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და რეგულირების მიზნით, სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები ევროპული რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიით შეფასდეს, რაც საცალო ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის გაზრდასა და საბითუმო სეგმენტზე დაშვების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.