მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლს დაიკავებს Subway-ი “ვისოლ ჯგუფის” პორტფელში? - სოსო ფხაკაძის განმარტება

სოსო ფხაკაძე

ამ დროისთვის, “ვისოლ ჯგუფის” პორტფელი აერთიანებს, როგორც ბენზინგასამართი სადგურების განვითარებისა და ოპერირების ბიზნესს, ასევე სარესტორნო ბიზნესს, Wendy’s-ისა და Dunkin-ის სახით და დეველოპმენტის ბიზნესს, “ბიოგრაფი ლივინგის” სახით.

ცოტა ხნის წინ, „ვისოლ ჯგუფმა“ სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთ გლობალურ ლიდერ კომპანია Subway-სთან ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა, ანუ გამოდის, რომ ჯგუფის სარესტორნო ბიზნესის პორტფელში კიდევ ერთი გლობალური ბრენდი გამოჩნდა.

Subway-სთან გაფორმებული ექსკლუზიური შეთანხმების შესახებ, “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოლდინგური კომპანიის პორტფელში კიდევ ერთი გლობალური ბრენდის გამოჩენა, საქართველოსთვის - დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტიციების მოძიებას ნიშნავს, თავად კომპანიას კი - სინერგიული ეფექტის გაძლიერების საშუალებას მისცემს.

“ყველაფერი ეს, ჯამში, 6500 ადამიანს გვაძლევს, ცოტათი მეტსაც კი. Subway-ი ვითარდება, Wendy’s-ისა და Dunkin-ის რესტორნებს დავამატებთ - მარტო სარესტორნო მიმართულებით, სადაც ახლა ორი ათასამდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ორ სამ წელიწადში, სამი ათასი ადამიანი დასაქმდება.

ძალიან სწრაფად გაიზარდა “ბიოგრაფი” და ძალიან სერიოზულად შევიდა ბაზარზე - იქაც, ასეულობით ადამიანი არის დასაქმებული. Smart-ის სუპერმარკეტებიც გვემატება და ყველა სხვა ბიზნესიც, რაც, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ექვს თვეში, შვიდი ათასი ადამიანის დასაქმების საშუალებას მოგვცემს.

ეს კი, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეორე კი, ინვესტიციებია, რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. შარშანდელი წელი, ამ მიმართულებით, რეკორდული იყო, როცა $2.1 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც ყველას გვახარებს. ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, უხარია, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, რადგან გაუმჯობესებული და გაჯანსაღებული მაკროეკონომიკური ფონი თითოეულ ჩვენ ოჯახზე დადებითად მოქმედებს. მინდა, ძალიან მალე მოვიდეს ის პერიოდი, როცა ნაკლები და ნაკლები გაჭირვებული ადამიანი იქნება საქართველოში. ეს, ცხადია, პოლიტიკური განცხადება არ არის, რადგან პოლიტიკასთან არანაირი საქმე არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ამოცანა, სწორედ ეს უნდა იყოს.

ეს ჰარმონია და სინთეზი, რომელიც ჩვენი ჯგუფის კომპანიებს შორის არსებობს, საბოლოო ჯამში, ჯგუფს ძალიან აძლიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც “ვისოლ ჯგუფს” გარედან აკვირდება ან პროცესების შესახებ შიგნიდან იცის, დასაქმებასთან და ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, მაღალი ხარისხის უნდა იყოს. დროსთან ერთად, ჯგუფი უფრო მეტ კომპანიას ამატებს, რომლებიც წარმატებულად ფუნქციონირებენ და საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ეხმარებიან, რომ ჯგუფის იმიჯი იყოს ძალიან ძლიერი. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, კომპანიის განვითარებას ეხმარება”, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები