პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ "გაოგნებულია" განცხადებებით, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან პირველი შეხვედრის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში/საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა გააკეთა.
ფიფიას მტკიცებით, ზურაბაშვილმა უკვე თბილისში, ანუ მინსკში გამგზავრებამდეც იცოდა, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავდა.
ზურაბაშვილის განცხადებებს იგი "დემარშად" აფასებს და ამტკიცებს, რომ რუსულმა მხარემ მას ქართული კომპანიების საკითხი ჯერ კიდევ თბილისიდან გამგზავრებამდე "მეგობრულ ფორმატში განუმარტა".
„გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით. რა საჭირო იყო ასეთი დემარში - გაუგებარია. ბატონ გიორგის ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ ორი კომპანია ("ვინივერია" და "შატო მუხრანი"), რომელიც მოხვდება შეზღუდვების ქვეშ; აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სასანქციო რეჟიმიდან... იგივე აუხსნა [გიორგი ზურაბაშვილს] მინსკში ბატონმა გალუზინმა, თან მაქსიმალურად მეგობრულად და სხვათა შორის, გალუზინმა გააკეთა გუშინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილები რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს [გიორგი ზურაბაშვილის] განცხადება - გაუგებარია ჩემთვის პირადად“, - ამბობს ფიფია Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამასთან, პრორუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის მტკიცებით, რუსული სანქციების ქვეშ უკვე მოხვედრილი ქართული კომპანიები "რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობენ, რათა შეზღუდვები მოეხსნათ".
„მუშაობა მიმდინარეობს, რუსული მხარე მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამიტომ ჯობია, უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან“, - აცხადებს ფიფია.
ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს მინსკში შეხვდა. როგორც ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, გალუზინთან საუბრამდე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული კომპანიების მიმართ სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად შეხვედრაზე შეიტყო, რომ რუსეთის მხარე კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“, - განაცხადა ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში გალუზინთან შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“. ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან თქვა, რომ რუსეთმა თავის ბაზარზე სასმელის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.
რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ის მნიშვნელოვანი დეტალიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, ხელისუფლების ოპონენტები ახალ ფორმატს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენადაც" კი შეფასდა - შესაბამისი შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის - უსაფრთხოების თემები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არ იყო და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.
19 ნოემბრის შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის - ბელორუსის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ რიჟენკოვმა მინსკში ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელება დააანონსა. 19 ნოემბრის შემდეგ განვლილი დღეების განმავლობაში ეს ინფორმაცია არც თბილისს დაუდასტურებია, არც მოსკოვს.
თუმცა როგორც ახლა "იმედის" ეთერში გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, პირველ შეხვედრაზე რუსული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის "გამაოცებლობისა და გამაოგნებლობის" მიუხედავად, იგი დიალოგის გაგრძელების მომხრეა და ამას აუცილებლობად მიიჩნევს.






















