გუშინ რიკოთის უღელტეხილზე, კერძოდ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოწვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე სავალ ნაწილზე სამშენებლო ობიექტიდან ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული. ორმხრივ რეჟიმში აღდგენის მიუხედავად ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდებოდა, რამდენიმე სთ-ის განმავლობაში მოგვიწია ადგილზე ყოფნა. გუშინვე განცხადებაში ნათქვამი იყო რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, რიკოთის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე 2024 წელს მეწყრული და ქვათაცვენის პროცესების საშუალო ან მაღალი რისკია. ბიულეტენში წერია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების აქტივაციაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდეზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება. განსაკუთრებული საფრთხე კი, უსახელოს ღვარცოფულ ხევში იარსებებს, სადაც 2011 წელს გააქტიურებულმა პროცესმა ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ლესელიძე-სენაკი-თბილისის 468-ე კმ-ზე განსაკუთრებული აქტიურობა ან სირთულე მცირე ფართობის გამო არ იქნება, თუმცა არის ცვლილებები რასაც სჭირდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება. ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს მეწყრული პროცესების მცირედ გააქტიურებას უნდა ველოდოთ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ძველ, 87-ე კმ-ზე, რომელ მონაკვეთზეც პერიოდულად ხდება სატრანსპორტო ნაკადების გადართვა.
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე / თემა: რა საფრთხეები არსებობს რიკოთზე?