აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ივნისში მოულოდნელად $27-მილიარდიანი ბიუჯეტის პროფიციტი დააფიქსირა, რაც ტარიფების შედეგად საბაჟო შემოსავლების რეკორდულ ზრდას უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ თვეს ფედერალურმა მთავრობამ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ხარჯი გაიღო, რაც ამერიკისთვის უჩვეულო მოვლენაა.
საბაჟო შემოსავალმა ივნისში $27.2 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება და ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს. წლიური ჭრილში საბაჟო შემოსავლებმა უკვე $100 მილიარდს გადააჭარბა და ფედერალური ბიუჯეტისთვის შემოსავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ იქცა.
ამ ტენდენციის მთავარ მიზეზად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკა სახელდება. როგორც ფინანსთა მდივანმა აღნიშნა, ტარიფები უკვე იძლევა მნიშვნელოვან შედეგს და წლის ბოლომდე საშემოსავლო მაჩვენებელი შესაძლოა $300 მილიარდამდე გაიზარდოს.
მიუხედავად ივნისში დაფიქსირებული პროფიციტისა, ქვეყნის წლიური დეფიციტი კვლავ მაღალია და მიმდინარე ფისკალური წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დაახლოებით $1.3 ტრილიონს აღწევს. საგრძნობლად არის გაზრდილი ვალდებულებების მომსახურების ხარჯიც, რომელიც ივნისში $84 მილიარდს გაუტოლდა, ხოლო წლიური ხარჯი უკვე $900 მილიარდს აჭარბებს.




























