ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის 27 ოქტომბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს აშშ-ში, სილიკონის ველზე, Google Cloud-ის კამპუსში Globalize-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება.
„საქმიან საღამოში“ სტუმრობისას, კონფერენციის დეტალებზე Globalize-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ისაუბრა. სალომე კუკავას განმარტებით, ამ ღონისძიებაზე Globalize-ი კიდევ ერთხელ წარუდგენს გლობალურ აუდიტორიას ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს.
დამსწრე საზოგადოებას შორის ინვესტორები, ვენჩერ-კაპიტალისტები, აქსელერატორები, ინკუბატორები, საინვესტიციო ფონდები და სფეროს ექსპერტები იქნებიან. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრებიან ქართული დიასპორის და მედიის წარმომადგენლები.
სალომე კუკავას განმარტებით, Globalize-ის ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპებს ინვესტორების წინაშე ფიჩინგის და მოკლე პრეზენტაციის გაკეთების საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ კონტაქტების დამყარებას, პარტნიორების მოძიებას და დაინტერესებული მხარეებისთვის პროდუქტის წარდგენას.
„Globalize-ის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით კომუნა, რომელიც 8,000-ზე მეტ პროფესიონალ დიასპორელს აერთიანებს, მსოფლიოს მასშტაბით. გლობალურ ინვესტორებთან შეხვედრისას, ძირითადად, ვსაუბრობთ ბიზნესზე, მათ ვაწვდით ინფორმაციას და ვაცნობთ ქართულ სტარტაპებს. ამით ჩვენ მათ ვაძლევთ ინვესტიციის განხორციელების საშუალებას, სტარტაპები კი კაპიტალის მოზიდვის და საჭირო კონტაქტების შეძენის შესაძლებლობას იღებენ“, - განაცხადა სალომე კუკავამ.