მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სჭირდება ობლიგაციების ბაზარს განვითარებისთვის? - რატი მორჩილაძის მოსაზრება

ფორსაითი

"ფორსაითის" მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, რატი მორჩილაძის აზრით, 2025 წელს ობლიგაციების ბაზარზე ემისიების ტენდენცია კვლავ მზარდი იქნება, თუმცა ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდისთვის აუცილებელი ლიკვიდური მეორადი ბაზრის შექმნაა - ამის შესახებ მორჩილაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

ცნობისთვის, 2024 წელს კომპანიებმა ქართულ ბაზარზე ₾570 მილიონის ობლიგაციები გამოუშვეს. ამ მოცულობის ემისია ჯამში 11-მა ქართულმა კომპანიამ განახორციელა

"ჩემი აზრით, ტენდენცია წელსაც მზარდი იქნება, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელზეც ჩვენც, "ფორსაითი" ვთვლით, რომ ჩვენი როლი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და აქტიურად ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთანაც.

ობლიგაციების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეიქმნას ლიკვიდური მეორადი ბაზარი/ სხვანაირად რთული იქნება, ბანკების გარდა, ვინმემ შეისყიდოს ეს ობლიგაციები. ლიკვიდური მეორადი ბაზარი შექმნის მოთხოვნას ფიზიკური პირებისგან და სხვა სუბიექტებისგანაც, უკვე ისეთი მოთხოვნა გაჩნდება ბაზარზე, რომ კომპანიებისთვისაც მეტად ხელსაყრელი იქნება ობლიგაციების ემისია.

დღეს, მოგეხსენებათ, ეს მეტად შეზღუდულია, ძალიან დიდი და ჯანსაღი, ძლიერი ფინანსების მქონე კომპანიებისთვისაა ემისიები. თუმცა, როგორც კი ლიკვიდური მეორადი ბაზარი შეიქმნება და გაიზრდება მოთხოვნა ბანკების გარდა სხვა სუბიექტების მხრიდან, მაშინვე კიდევ უფრო მეტი ემისია იქმნება და ეს რეალურად შექმნის ფასიანი ქაღალდების ჯანსაღ ბაზარს", - განაცხადა რატი მორჩილაძემ.

ობლიგაცია სავალო ფასიანი ქაღალდია. ემიტენტი გამოსცემს ობლიგაციას, რათა მიიღოს თანხა ინვესტორებისგან, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაასესხონ ფული გარკვეული დროის პერიოდით.

როდესაც ინვესტორი ყიდულობს ობლიგაციას, ის ფულს ასესხებს ობლიგაციის გამომშვებ პირს, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტი ან კორპორაცია. სანაცვლოდ, ინვესტორის წინაშე ემიტენტი ვალდებულია, გაისტუმროს ხელშეკრულებით განსაზღვრული კუპონი (ერთგვარი სარგებლის თანხა, რომელიც განსაზღვრულია კუპონის განაკვეთით) და ნომინალური ღირებულება (სესხად აღებული ძირი თანხა), რომელთა ანაზღაურებაც უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვის ვადის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები