მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს შექმნის - რატი მორჩილაძე

რატი მორჩილაძე

საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა, რომელიც გეგმის მიხედვით პარლამენტმა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს საინვესტიციო ფონდის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ინვესტირებას ძირითადად, უძრავ ქონებაში ახორციელებს, რითაც ინვესტორთა ფართო წრისთვის უძრავი ქონების ხელმისაწვდომობასა და პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს. REIT-ების ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც - ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური ინვესტორები ანუ ფიზიკური პირები.

საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების პერსპექტივებს საინვესტიციო სექტორი დადებითად აფასებს. კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, REIT-ი უძრავი ქონების სექტორში დაფინანსების ახალ ალტერნატიულ წყაროს შექმნის, თუმცა მეორეს მხრივ სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ლიკვიდობის უზრუნველყოფა რჩება.

“ძალიან იმედიანად ვუყურებთ ამ მიმართულებას, რადგან უძრავი ქონება საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სექტორია და საკმაოდ სწრაფად იზრდება. დაფინანსების საჭიროებაც ძალიან დიდია უძრავ ქონებაში და ბანკის გარდა ბევრი ალტერნატივა არც არსებობს. REIT-ი იქნება დაფინანსების ერთ-ერთი ახალი წყარო, რომელიც უძრავი ქონების შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ პროექტის დაფინანსება იქნება ეს, თუ შემდეგ უკვე აშენებული ქონების რეალიზება.

იმისთვის, რომ ამ ინსტრუმენტმა კარგად იმუშაოს, საჭიროა მისი ლიკვიდურობა. უძრავი ქონება თვითონ თავის ბუნებით ლიკვიდური არ არის, შესაბამისად, ფონდი თვითონ ლიკვიდურობას ვერ უზრუნველყოფს. ლიკვიდურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი მეორად ბაზარზე. ანუ REIT-ის, ფონდის ერთეული მეორად ბაზარზე უნდა იყოს დალისტული და იყიდებოდეს.

ამისათვის, რა თქმა უნდა, წესით გამოიყენება ბირჟები. საქართველოშიც არსებობს საფონდო ბირჟა, თუმცა არსებობს რიგი გამოწვევები, რის გამოც დღეს ბირჟა ფუნქციური არ არის, თუმცა REIT-ის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბირჟის ლიკვიდურობასაც.

ამ კუთხითაც საკმაოდ იმედიანად ვართ ჩვენც, ისე დარწმუნებული ვარ ბირჟის წარმომადგენლებიც. ამიტომ ველოდებით ამ ინსტრუმენტს. ჩვენ, როგორც „ფორსაითი“, დაინტერესებულები ვართ, რომ REIT შევქმნათ, თუმცა ლიკვიდობის ნაწილია ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ ლიკვიდობა უზრუნველვყოთ, იმიტომ, რომ ლიკვიდობა რომ შეიქმნას, ბევრი სხვადასხვა მოვაჭრე ინვესტორი უნდა იყოს, ვინც REIT-ის ერთეულით ივაჭრებს — იყიდის, გაყიდის. ქვეყანაში ინსტიტუციური ინვესტორებით განებივრებულები არ ვართ. ინდივიდუალური ინვესტორები არიან და იზრდება ეს კატეგორია, მაგრამ მაინც ცოტაა. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი გამოწვევა აქ მაინც ლიკვიდობაა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შეიქმნება მექანიზმები, რითაც ეს ლიკვიდობა გაჩნდება”,-აცხადებს რატი მორჩილაძე.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ კვლევას თუ დავეყრდნობით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შექმნა დამატებით ეკონომიკურ დოვლათს მოუტანს ქვეყანას. პროგნოზირებულია, რომ 10 წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარზე მეტი შემოსავალი გაჩნდება ქვეყანაში და REIT-ის მიერ შექმნილი პროდუქტის (პირდაპირი და არაპირდაპირი) მოსალოდნელი წილი მშპ-ში 0.44%-დან 4.2%-მდე გაიზრდება.

“დღეს კაპიტალის ბაზარზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი არ არსებობს“ - ირაკლი კირტავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები