ტურისტული კომპანია "ჩექ-ინ თრეველის" დამფუძნებელი, ია გედევანიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" სექტორის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ საქართველოში ტურიზმი განვითარდეს, ქვეყნის ეკონომიკაში გახდეს მთავარი კონტრიბუტორი და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა.
"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა არის ჩვეულებრივი ამბავი, რადგან ყველა ახალი ინიციატივა თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ იწყება და აქედან გამომდინარე, ტურიზმს ყურადღება უნდა მიექცეს. არ ვიძახი, რომ არაფერი კეთდება, თუმცა კიდევ მეტია მისი განვითარებისთვის საჭირო. ანუ, მეტი ფული უნდა ჩაიდოს რეკლამებში, მეტი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს ტურიზმის დეპარტამენტს",-აცხადებს გედევანიშვილი.
კომპანიის დირექტორის, ლევან ოსეფაიშვილის ცნობით, გარდა მარკეტინგული აქტივობებისა, საჭიროა პირდაპირი რეისი, რაც გაზრდილს მოთხოვნაში გადაითარგმნება.
"საჭიროა მეტი პირდაპირი რეისი, რაც ძალიან გვიჭირს. მეტი პირდაპირი რეისი ნიშნავს მეტ მოთხოვნას. არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მოგზაურებისთვისაც იქნებოდა ძალიან კომფორტული",- ამბობს ოსეფაიშვილი.
ინფორმაციისთვის, Galt&Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მეტი - 171.2 მილიონი დოლარი რუსეთიდან.