მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი ტურისტებისგან მიიღო - სტატისტიკა

ტურიზმი

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, 1.5%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა 39.6%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "შემოსავლების მკვეთრად ზრდა მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგია". ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლები მაქსიმალურია იმასთან შედარებით, რაც ქვეყანას წლის პირველ სამ თვეში ოდესმე მიუღია, თუმცა ზოგადად, ერთი კვარტალის განმავლობაში მიღებულ მაქსიმალურ შემოსავალს არ წარმოადგენს.

ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ტურიზმიდან შემოსავლების მეხუთედზე მეტი რუსეთზე მოდის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამ თვეში რუსეთიდან 171.2 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ, რაც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ჯამურ თანხაზე მეტია.

უფრო დეტალურად, 2024 წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • რუსეთი - $171.2 მლნ;
  • თურქეთი - $117.5 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $108.3 მლნ
  • ისრაელი - $65.7 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $40.6 მლნ;
  • უკრაინა - $33.1 მლნ;
  • სომხეთი - $31.3 მლნ;
  • ირანი - $29.5 მლნ;
  • ბელარუსი - $16.6 მლნ;
  • საუდის არაბეთი - $7.8 მლნ.

საგულისხმოა, რომ ამ მონაცემებში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა იმ ადამიანების დანახარჯები, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით რჩებიან. კერძოდ, სებ-ის თანახმად, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 34.3%, რუსეთის მოქალაქეების 26.8% და უკრაინის მოქალაქეთა 30% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ წელს მაჩვენებელი 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანც 938 644 ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 17.6%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება რუსეთს, წინა წელთან შედარებით 16.1%-იანი კლების მიუხედავად, 215 468 ვიზიტით, მეორე ადგილზეა. რუსეთიდან ვიზიტები ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელს 3-ჯერ აჭარბებს. ევროკავშირის ქვეყნებზე კი მთლიანი ვიზიტების შედარებით მცირე, 6%-იანი წილი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები