მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება უკრაინას საქართველოსგან? -  უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი

ოლექსანდ მერეჟკო
BM. GE
11.11.23 19:35
245

ვისურვებთ, საქართველო იყოს უკრაინის მხარეს, ახლა განსაკუთრებით, - ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდ მერეჟკომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას BMGTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- რა სჭირდება უკრაინას საქართველოსგან. ისევ ხედავთ საქართველოს რეფორმების ექსპორტიორად?

- უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს რეფორმები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვახსოვს - ჩვენთვის რეფორმები ძირითადად მასთან და კახა ბენდუქიძესთან ასოცირდება. ვისურვებთ, საქართველო უკრაინის მხარეს იყოს, ახლა განსაკუთრებით.

როგორც იცით, ევროკავშირი ახლა სანქციების მეთორმეტე პაკეტს გამოაქვეყნებს და ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველო შეუერთდეს ამ სანქციებს, რაც ძალიან დაგვეხმარება. ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მეგობრობას - ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენ გვერდით დგას. თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმას ვისურვებდით.

- უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, არის რაიმე სირთულეები, რაც საქართველო-უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზე მოქმედებს?

- სიმართლე გითხრათ სირთულეებს, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება ვერ ვხედავ. ჩვენ უფრო გვაქვს პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. გვინდა, საქართველო სანქციების, პოლიტიკური და დიპლომატიური მიმართულებით უფრო აქტიური დავინახოთ.

- კახა ბენდუქიძე ახსენეთ - არის რაიმე გამოცდილება, რომელიც მან თქვენთვის დატოვა და ამ დროს გამოიყენეთ?

- რა თქმა უნდა ჩვენ გამოვიყენეთ საქართველოს გამოცდილება კორუფციის მიმართულებით, ასევე რეფორმები ეკონომიკური მიმართულებით.

- კორუფცია ახსენეთ, როგორ იბრძოლეთ ამ მიმართულებით და საქართველოს რა გამოცდილება გამოგადგათ?

- ჩვენ შევქმენით ძალიან ეფექტური ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა, რომელიც რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მაგალითად სპეციალური სააგენტო კორუფციის წინააღმდეგ, ასევე სპეციალური პროკურორის ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული სასამართლო. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ საქართველოს გამოცდილების რამდენიმე ელემენტი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად - რამდენიმე ცვლილებაც კი შევიტანეთ სასამართლოში. როცა პოლიციის რეფორმა გავატარეთ, მაშინაც კი გამოვიყენეთ საქართველოს გამოცდილება და რამდენიმე ქართველიც მონაწილეობდა ამ პროცესში და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ.

ავტორი: სალომე მათიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები